ვიქტორ ორბანი „ევროპის სახალხო პარტიას“ კრიტიკული წერილით მიმართავს და შიდაპარტიული დებატების გამართვას ითხოვს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მომავალ მისიასთან დაკავშირებით შიდაპარტიული დებატების გამართვას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივის შესახებ ის „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელობისადმი მიწერილ წერილში საუბრობს.
წერილი ვიქტორ ორბანმა პარტიას მას შემდეგ გაუგზავნა, რაც „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა უნგრეთის მმართველ პარტია „ფიდესს“ წევრობის შეჩერება გაუხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელობამ გასულ თვეში გამართულ ყრილობაზე უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გამო მიიღო. ვიქტორ ორბანი უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესის“ თავმჯდომარეა.
ვიქტორ ორბანის წერილი სოციალურ ქსელში „ფიდესის“ ვიცე-პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა გაასაჯაროვა.
„ჩვენ ფართო საზოგადოების წინაზე სააშკარაოზე გამოვიტანეთ ჩვენი შიდა კონფლიქტები. კომუნიზმისა და მარქსიზმის წინააღმდეგ მოქმედების ნაცვლად, რომლებმაც ევროპის ისტორიაში მტკივნეული მემკვიდრეობა დატოვა, ჩვენ ტაშს ვუკრავთ ფიდელ კასტროსა და კარლ მარკსს. ჩვენი უარი ვთქვით ქალისა და კაცის ერთიანობაზე დაფუძნებული ოჯახის მოდელზე და აღმოვჩნდით გენდერული იდეოლოგიის ხელში. ბავშვების დაბადების მხარდაჭერის ნაცვლად, ჩვენ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების გზად მასობრივ მიგრაციას ვხედავთ“, – წერს ორბანი წერილში.
მისი თქმით, დასავლურ და აღმოსავლურ, ასევე ძველ და ახალ პარტიებს შორის განსხვავებები არა თუ იკლებს, არამედ იზრდება.
ვიქტორ ორბანი ასევე აკრიტიკებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელად ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის არჩევის გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელმაც პოლონეთის შიდა კონფლიქტები და ინტერესები „ევროპის სახალხო პარტიაში“ შემოიტანა“, – აღნიშნავს ორბანი.
წერილში ის პარტიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ წევრ პარტიებს, რათა მათ ითანამშრომლონ და კოალიციები შექმნან არა მხოლოდ მემარცხენე, არამედ მემარჯვენე ძალებთანაც. ის ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ ევროპის სახალხო პარტიის მმართველ ორგანოებში წარმოდგენილნი იყვნენ არა მხოლოდ ცენტრისტული ძალების, არამედ „ქრისტიანი მემარჯვენე“ ძალების წარმომადგენლებიც.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, პარტიაში ერთიანობის მიღწევა მხოლოდ გულწრფელი შიდა დებატებით არის შესაძლებელი.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ უნგრეთის მმართველ პარტია „ფიდესს“ წევრობა 2019 წლის მარტში უნგრეთის მიერ ევროკავშირის პრინციპების დარღვევისთვის შეუჩერა.