ვიქტორ ორბანი – დიდი ალბათობით, ირანის ომის გამო ნავთობსადენ „დრუჟბის“ მნიშვნელობა გაორმაგდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსული ნავთობის ნავთობსადენ „დრუჟბით“ მიღება უნგრეთისთვის ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთში ნავთობის მიწოდების აღდგენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ირანის მონაწილეობით ომმა ნავთობსადენ „დრუჟბის“ მნიშვნელობა გააორმაგა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ ზელენსკის, უნგრეთში ნავთობის მიწოდება დაუყოვნებლივ აღადგინოს“, – განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, ირანი მსოფლიოს დიდი რაოდენობით ნავთობს აწვდის და ომი თუ იქნება, ის მის მიწოდებას ვეღარ შეძლებს.
ამასთან, უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ირანი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ საზღვაო გზას აკონტროლებს, ომის შემთხვევაში კი, ორბანის თქმით, შესაძლოა, კონტროლის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„სერიოზული ომის წინაშე ვდგავართ, რაც იქ ნავთობის წარმოების პარალიზებას გამოიწვევს და ტრანსპორტირებასაც გაართულებს. დიდი ალბათობით, ირანის ომის გამო ნავთობსადენ „დრუჟბის“ მნიშვნელობა გაორმაგდება“, – აღნიშნავს ორბანი.
The war involving Iran has doubled the importance of the Friendship oil pipeline. Once again, I call on President @ZelenskyyUa to immediately resume oil deliveries to Hungary! pic.twitter.com/L8kVglAXuZ
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 28, 2026