ვიქტორ ორბანი - აშშ-ში ჩემი ვიზიტის მიზანია, დავიწყოთ ახალი თავი ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან დემოკრატების წინა ადმინისტრაციის დროს ყველაფერი დაინგრა, გაუქმდა
ვიქტორ ორბანი - აშშ-ში ჩემი ვიზიტის მიზანია, დავიწყოთ ახალი თავი ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან დემოკრატების წინა ადმინისტრაციის დროს ყველაფერი დაინგრა, გაუქმდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „დიდებული ლიდერია, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა“.

„ვისაუბრებთ ვაჭრობაზე, ვისაუბრებთ უკრაინის ომზე, ვისაუბრებთ ენერგეტიკაზე და ენერგეტიკულ ფასებზე. გასულ წელთან შედარებით, აშშ-ში ენერგეტიკაზე ფასები მკვეთრად შემცირებულია. ასევე გვაქვს ძალიან დაბალი ინფლაცია. ბაიდენს ყველაზე დიდი ინფლაცია ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იცით, რომ გვაქვს „შათდაუნი“ დემოკრატების გამო. ისინი გიჟები არიან. მათ ეს ქვეყანა არ ადარდებთ. მინდა, მივესალმო მართლაც კარგ პიროვნებას. ის დიდებული ლიდერია, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს აშშ-ში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მოწვევისთვის. ექვსი წლის შემდეგ დავბრუნდი აქ, თეთრ სახლში. ჩემი ვიზიტის მიზანია, დავიწყოთ ახალი თავი ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან დემოკრატების წინა ადმინისტრაციის დროს ყველაფერი დაინგრა, გაუქმდა, ძალიან ბევრი ზარალი მოიტანა წინა ადმინისტრაციამ. მადლობლები ვართ იმისთვის, რაც ბოლო ათ თვეში თქვენ გააკეთეთ. თქვენ აღადგინეთ ურთიერთობების ძველი დონე, გააუმჯობესეთ ორმხრივი ურთიერთობები. ბევრი საკითხია, ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური თანამშრომლობის. ალბათ მთავარი საკითხია, რომ ჩვენ უკრაინის მეზობლები ვართ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.