ვიქტორ ორბანი - აშშ-ის მთავრობის ზეწოლის გარეშე ევროპელები 2022 წელს ხისტ პოზიციას არ დაიკავებდნენ, აშშ-ისგან მოდიოდა ზეწოლა, რომ ევროპაში ომის მომხრე პოზიცია მეტად ყოფილიყო
2022 წელს აშშ-ის მთავრობის ზეწოლის გარეშე ევროპელები ხისტ პოზიციას არ დაიკავებდნენ, რაც მათ გააკეთეს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ზეწოლა მოდიოდა აშშ-ისგან, რომ ევროპაში ომის მომხრე პოზიცია მეტად ყოფილიყო.
„ევროპის დიდმა ქვეყნებმა უარი თქვეს, მეტად ჩართული ყოფილიყვნენ, ისინი გზავნიდნენ ჰუმანიტარულ ტვირთებს. ზეწოლა მოდიოდა აშშ-ისგან, რომ ევროპაში ომის მომხრე პოზიცია მეტად ყოფილიყო. ეს ამ ისტორიის ფაქტია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ, რაც დაინგრა. აქ ვარ იმიტომ, რომ მაქსიმალურად დავეხმარო პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული რამდენიმე წლის წინ“, – განაცხადა ორბანმა.
თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რუსეთთან მთავარი უთანხმოებაა, რომ მათ არ სურთ ომის შეჩერება“.
„მათ, ორივეს, ეს ომი ძვირი უჯდებათ. ისინი ერთ კვირაში შვიდი ათას ჯარისკაცს კარგავენ. რუსები უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავენ. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.