ვიქტორ ორბანი - აშშ-ის ეროვნული სტრატეგია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, ხედავენ ევროპის ცივილიზაციურ დაცემას, რომელსაც უნგრეთი, უკვე 15 წელია, ებრძვის, როგორც იქნა, მარტო აღარ ვართ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას მიესალმა.
ამის შესახებ ვიქტორ ორბნამა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი შეფასებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგია ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი და ყველაზე საინტერესო დოკუმენტია.
მისივე თქმით, ამ სტრატეგიაში ბრიუსელზე იმავე ტონით არის საუბარი, როგორითაც თავის დროზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უნგრეთზე საუბრობდა.
„რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ამერიკელები ასევე ხედავენ, რომ ევროპა შეეჯახა გრძელვადიანი ეკონომიკური ჩიხის კედელს. სუსტ მოკავშირეს არ შეუძლია თავდაცვა და არ შეუძლია, იყოს სანდო პარტნიორი საერთაშორისო საქმეებში“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
მისი თქმით, ვაშინგტონში ხედავენ ცივილიზაციურ კრიზისს, რომლის წინაშეც ევროპა დგას.
„ისინი ხედავენ, რომ ევროპის ცივილიზაციური ფასეულობები, დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი საფრთხეშია. ისინი ასევე ხედავენ, რომ ევროპელმა ლიბერალებმა დაწვეს ურთიერთობების ქსელები, რომლებიც ოდესღაც არსებობდა რუსეთთან, რაც შეცდომა იყო. ამერიკელი პოლიტიკოსების მოსაზრებით, ევროპის და რუსეთის ურთიერთობის აღდგენა საჭიროა სტრატეგიულ დონზე“, – წერს ვიქტორ ორბანი.
მისივე თქმით, აშშ-ში მკაფიოდ ხედავენ ევროპის უკუსვლას.
„ხედავენ ცივილიზაციური მასშტაბის დაცემას, რომელსაც უნგრეთი, უკვე 15 წელია, ებრძვის. როგორც იქნა, ამ ბრძოლაში მარტო აღარ ვართ“, – დაწერა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, 5 დეკემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პოლიტიკა ევროპის მიმართ უნდა იყოს ფოკუსირებული რუსეთთან ურთიერთობებში სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენაზე.