ვიქტორ იანუკოვიჩი - უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ყირიმის ჩამოსაშორებლად ყველაფერი გააკეთა
ვიქტორ იანუკოვიჩი - უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ყირიმის ჩამოსაშორებლად ყველაფერი გააკეთა

უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ყირიმის ჩამოსაშორებლად ყველაფერი გააკეთა – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იანუკოვიჩის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ყირიმის მოსახლეობამ თავის დასაცვად მიიღო რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილება.

„უკრაინას არ ჰქონდა სურვილი ყირიმის შენარჩუნების, ისინი პორტფელების განაწილებით იყვენენ დაკავებული. უკრაინის ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას და დანაშაულის დაფარვას ანტიტერორისტული ოპერაციით ცდილობდა“ – აღნიშნა იანუკოვიჩმა.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მაიდნის აქციებზეც და განაცხადა, რომ ადგილობრივებთან ერთად დანაშაული ჩაიდინეს უკრაინაში ჩასულმა ლეგიონერებმა, რომლებიც უიარაღო ხალხს მაიდნის ლიდერების მიერ კონტროლირებული შენობებიდან ესროდნენ.

იანოკოვიჩის თქმით, დანაშაულის მტკიცებულებები აქვთ გამომძიებლებს და სასამართლოებს.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა გაიხსენა 2014 წლის 20 თებერვალს ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ შეხვედრას გარანტორების სტატუსით ესწრებოდნენ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებიც, თუმცა ხელშეკრულების პირობები ოპოზიციამ 21 თებერვალსვე დაარღვია.

„გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებეთან ერთად, 2014 წლის 21 თებერვალს ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა იმავე დღესვე დაირღვა ოპოზიციის მხრიდან სამთავრობო შენობების დაკავებით. ხელშეკრულება მოიცავს მუხლს, რომელიც მაიდნის მოვლენების საერთაშორისო გამოძიებას ითვალისწინებს, თუმცა ეს არ მომხდარა. გარანტორებმა ვალდებულება არ შეასრულეს. მე ყველაფერზე წავედი, ვადამდელ არჩევნებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კიდევ რა იყო საჭირო“ – თქვა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში „პოლიციის სამშვიდობო ძალების“ შეყვანა სთხოვა.