ვიქტორ დოლიძე - რუსეთი უნდა ვაიძულოთ, მჭიდრო ვადებში დათანხმდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა შეაღწიოს
ვიქტორ დოლიძე - რუსეთი უნდა ვაიძულოთ, მჭიდრო ვადებში დათანხმდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა შეაღწიოს

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ეხმაურება.

მისი განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა და ამ ტენდენციას მომავალშიც ელოდებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ის ფაქტი, რომ რეზოლუცია უკვე მეორეჯერ დამტკიცდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია და კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში, აქ მთავარი აქცენტია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეღწევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და უშუალოდ იქ, ადგილზე მონიტორინგი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მასში, არის იმგვარი ფაქტების პრევენცია როგორიცაა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზრიას მკვლელობის საქმე. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევა და ადგილზე მონიტორინგი, რომ შეისწავლონ ვითარება ადამიანის უფლბათა დაცვის კუთხით.

ჩვენი უმთავრესი ბერკეტი არის საერთაშორისო სამართალი და ნორმები. ეს ნეგატიურად მოქმედებს რუსეთის ფედერაციაზე და უნდა ვაიძულოთ რუსეთი, მჭიდრო ვადებში მოხდეს მისი თანხმობის მიღება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეაღწიოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა“,- განაცხადა პირველ არხთან საუბარში ვიქტორ დოლიძემ.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია, „თანამშრომლობა საქართველოსთან“, მიიღო.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.