ვიქტორ დოლიძე - საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის დინამიკა არათუ შენარჩუნებულია, არამედ ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელიც ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებას ნიშნავს
ვიქტორ დოლიძე - საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის დინამიკა არათუ შენარჩუნებულია, არამედ ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელიც ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებას ნიშნავს

ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობებზეა საუბარი.

მისი თქმით, საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები, თანამშრომლობა და დინამიკა არათუ შენარჩუნებულია, არამედ კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავიდა.

„მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია. გასული წლის განმავლობაში და პანდემიის მიუხედავად, არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები, თანამშრომლობა და ეს დინამიკა, რომელიც იყო, შევინარჩუნეთ და არათუ შევინარჩუნეთ, არამედ კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავედით, რომელიც ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებას ნიშნავს. რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ უნისონშია იმ დოკუმენტთან, რომელსაც ჰქვია „ნატო 2030“ და სტრატეგიული კონცეფციის მომზადების პროცესთან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თემები, რომელიც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების თემას, ნატო-ს გაფართოების პროცესს და ამ კონტექსტში, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესრულებას და ასე შემდგომ, არის ძალიან ნათლად გაწერილი. მე მინდა, თქვენი საშუალებით, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს იმ ძირითადი აქცენტებისთვის, რომელიც მან დასვა თავის ანგარიშში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.