ვიქტორ დოლიძე - არ მინდა, მოლოდინი გავზარდო და წინასწარ ვთქვა, რომ ხვალ ან ზეგ MAP-ს მივიღებთ, მაგრამ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები დღეს არსებობს
ვიქტორ დოლიძე - არ მინდა, მოლოდინი გავზარდო და წინასწარ ვთქვა, რომ ხვალ ან ზეგ MAP-ს მივიღებთ, მაგრამ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები დღეს არსებობს

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინისტერიალი, რომელიც აქამდე გვქონია, გამომდინარე იქიდან, რომ ის შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას ეხმაურება, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მათი სურვილია, ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს.

„გვექნება საუბარი იმდენად მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის 2030-სთვის გენერალური მდივნის შემოთავაზება, ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციებში და ა.შ. ჩვენ მარტო სამხედრო თემატიკით არ შემოვიფარგლებით, არამედ უფრო მეტად პოლიტიკური თემატიკითაც, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ოპერაციებში ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობას ვიღებთ, მათ შორის ავღანეთში და ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ამავე დროს, გვსურს, უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები ნატო-სთან, რომელიც შეიცავს ევროატლანტიკურ ღირებულებებს და სრულ ინტეგრაციას ნატო-ში. არ არის საქართველოსთვის ახალი, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, უბრალოდ ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ეს თემა უფრო კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, საქართველო და უკრაინა ასპირანტი ქვეყნები არიან, ისევე როგორც სხვები. საქართველოს აქვს განსაკუთრებული პოზიცია და ვფიქრობ, ეს პოზიცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია კონტრიბუცია, რასაც საქართველო ახორციელებს, თუნდაც ავღანეთის მისიაში, ჩვენ ახლა 876 ადამიანი გვყავს ჩვენს ადგილზე. გენერალური მდივანი ყოველთვის აღნიშნავს ამ საკითხს. არ მინდა, მოლოდინები გავზარდო და წინასწარ ვთქვა, რომ MAP-ს მივიღებთ ხვალ ან ზეგ, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები დღეს არსებობს და დანარჩენს უკვე მომავალში ვნახავთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.