ვიქტორ დიდებულიძე - თუ ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით გონივრული პასუხი არ იქნება, აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს
ვიქტორ დიდებულიძე - თუ ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით გონივრული პასუხი არ იქნება, აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს

თბილისის იუსტიციის სახლთან საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საჯარო რეესტრს მოუწოდებდნენ აღუდგეს პრეზიდენტის უფლებამოსილება ირაკლი აბუსერიძეს.

მათი თქმით 31 დეკემბრის არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა და მათი კანდიდატი თანამდებობაზე ლეგიტიმურად აირჩიეს. შეგახსენებთ რომ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, ბაჩო ხურციძის მოთხოვნის საფუძველზე აბუსერიძე რაგბის კავშირის ხელმძღვანელად არ დაარეგისტრირა.

ამ საქმესთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრსა და ირაკლი აბუსერიძეს შორის შეხვედრა ზუმის მეშვეობით შედგა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეესტრი ჯერ უცნობია. აქციის მონაწილეები არჩევნების გაჭიანურებაში მაღალჩინოსნების ჩართულობაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ რომ ხელისუფლების და მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ღიად ლობირებს მათთვის სასურველ კანდიდატს.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და საჯარო რეესტრს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

„არჩევნებზე ქვორუმი შედგა, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ირაკლი აბუსერიძემ არჩევნები მოიგო, თუმცა საჯარო რეესტრში არ ამტკიცებენ, თითქოს ვადებში გადახრა იყო. დოკუმენტაცია შეგროვებულია და ველით გონივრულ პასუხს. თუ ასეთ პასუხს ვერ მივიღებთ, ჩვენი აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს,“ – აცხადებს ვეტერანი მორაგბე ვიქტორ დიდებულიძე.