ვიქტორ ბოშტინარუ - ვგმობ რუსეთის ქმედებებს, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს
ვიქტორ ბოშტინარუ - ვგმობ რუსეთის ქმედებებს, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს

ვგმობ რუსეთის ქმედებებს, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს, – ასე პასუხობს რუმინელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი ვიქტორ ბოშტინარუ მის პრორუსულობასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას. მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციით საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები დაარღვია.

„მე ვიყავი 2008 წელს ამ პარლამენტში. მე არაერთხელ მითქვამს და ახლა თქვენთან ვამბობ, რომ მოხდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციით დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები. მე არასდროს შემიცვლია აზრი რუსეთზე და რუსეთის ხელისუფლების ქმედებებზე.

პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც განაცხადა, რომ გაყინული კონფლიქტები, აგრესიული ქმედებები და მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია არის რუსეთის სტრატეგია და ეს რუსეთმა განახორციელა საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვასაც პრობლემებს უქმნის.

ამ პოზიციას რუსეთის ხელისუფლებაზე არ შევიცვლი. ამისათვის მიზეზები არ არსებობს, რადგან რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას, ყირიმის ანექსიას და ქმნის დესტაბილიზაციას აღმოსავლეთ უკრაინაში. მე ჩემს პოზიციებს მყარად დავიცავ, ჩემს მოსაზრებებში დარწმუნებული ვარ და ამიტომ, ძალიან თავისუფლად ვგრძობ თავს. მე ვგმობ რუსეთის ქმედებებს, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას და ყოველთვის გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს. მე წარმატებას ვუსურვებ საქართველოს. არასდროს ვყოფილვარ საქართველოში და ჩემი ოცნებაა, ვესტუმრო თქვენს ქვეყანას, ვინაიდან ძალიან მიყვარს და ძალიან ვგულშემატკივრობ“, – განაცხადა ვიქტორ ბოშტინარუმ.