ვიქტორ ბოშტინარუ - საბჭოთა მემკვიდრეობით დამძიმებულ კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას 
ვიქტორ ბოშტინარუ - საბჭოთა მემკვიდრეობით დამძიმებულ კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას 

ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ვიცეპრეზიდენტი ვიქტორ ბოშტინარუ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველომ და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბოლო წლებში მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი, რეალური, გამართული და სტაბილური დემოკრატიის მშენებლობის გზაზე. თქვენი გამარჯვება კანდიდატზე, რომელიც აშკარა საბჭოთა მემკვიდრეობით არის დამძიმებული, დამატებით ცხადყოფს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას. როგორც ევროკავშირში თქვენი ქვეყნის ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერი, მივესალმები შედეგს, რომელიც პასუხობს საქართველოს მთავრობისა და პროევროპული პოლიტიკური ძალების დაუღალავ ძალისხმევას”, – ვკითხულობთ წერილში.

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განხილვისას, 13 ნოემბერს ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ  „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“. მისივე თქმით, საქართველო იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ასეთ დროს ყოფილი საბჭოთა დიპლომატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტობისთვის.