ვიოლა ფონ კრამონი - ქართველი ამომრჩეველი რომ ვყოფილიყავი, ხმა მიმეცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ კი გაეგრძელებინათ ბოიკოტი ძალიან კარგი კომპრომისის შემდეგაც, ჩავთვლიდი, რომ მიღალატეს
ვიოლა ფონ კრამონი - ქართველი ამომრჩეველი რომ ვყოფილიყავი, ხმა მიმეცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ კი გაეგრძელებინათ ბოიკოტი ძალიან კარგი კომპრომისის შემდეგაც, ჩავთვლიდი, რომ მიღალატეს

დიდი ნაბიჯი გადაიდგა. მოხარული ვარ, რომ გუშინ საბოლოოდ პროგრესი იქნა მიღწეული. მოხარული ვიყავი, მეხილა, ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში. მას თითქმის ყველა ესწრებოდა, ატმოსფერო კი იყო მეგობრული და არა მტრული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერის გაფორმება შეაფასა.

როგორც ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, ხელმოწერა მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ახლა სასურველია, რომ შეთანხმების პირობები განხორციელდეს. 

„ვიმედოვნებ, კრიზისი ნამდვილად დარეგულირდა. თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ ახლა გვეხილა ამ შეთანხმების განხორციელება. ხელმოწერა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომ საბოლოოდ განხორციელდეს ყველა რეფორმა, რომელსაც ეს შეთანხმება მოიცავს. ვულოცავ ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამაში, მათ შორის მმართველ პარტიას, რომელმაც აიღო ლიდერობა შეთანხმებაში. ჩვენ, ყველანი მოხარულები ვართ ამ დიდი ნაბიჯებით“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ამასთან, კითხვაზე: „რა იქნება თქვენი რეკომენდაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომელიც დოკუმენტს ხელს არ აწერს“, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ როგორც პოტენციური ქართველი ამომრჩეველი, ყველა ოპოზიციონერს სთხოვდა, საბოლოოდ შესულიყვნენ პარლამენტში.

„ვფიქრობ, ეს შეთანხმება ნორმალური, კარგი კომპრომისია. „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ასრულებს ყველაფერს, რაც იყო მოთხოვნილი – პატიმრების გათავისუფლება, 43 პროცენტის დათქმა, მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეთანხმებაშია შესული. მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვყოფილიყავი და ხმა მიმეცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ კი გაეგრძელებინათ ბოიკოტი მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული დიდი პროგრესის, ძალიან კარგი კომპრომისის შემდეგაც, ჩავთვლიდი, რომ მიღალატეს. როგორც პოტენციური ქართველი ამომრჩეველი, ვთხოვდი ყველას ოპოზიციაში, რომ საბოლოოდ შესულიყვნენ პარლამენტში, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ახლა მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ შეთანხმების ჩაშლა რუსეთის ინტერესებშია, ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, „ეს ხომ არ ნიშნავს, ვინც უარს ამბობს შეთანხმების ხელმოწერაზე, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი აბსოლუტურად მართალია.

„აბსოლუტურად. შემიძლია მხოლოდ მივულოცო სალომეს ამ განცხადების გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია, მან აღიარა, რომ საქართველოში ერთიანობა არის ის, რაც არ სურს რუსეთს. რაც უფრო დიდია განხეთქილება, რაც მეტი დაპირისპირება და ბრძოლაა, მით უკეთესია რუსეთისთვის. ასე რომ, ქვეყნის ინტერესებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, უმჯობესია, დარჩით ერთიანები, იმუშავეთ ერთად, ეცადეთ, იყოთ ვაშინგტონსა და ბრიუსელში თქვენს პარტნიორებთან შეთანხმებულები. შესაბამისად, დიახ, სალომე აბსოლუტურად მართალია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ინტერვიუს დროს ვიოლა ფონ კრამონმა ისაუბრა გიორგი რურუას შეწყალების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯმა პრეზიდენტის მხრიდან სიმამაცე და გამბედავი მიდგომა აჩვენა.

ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ამ ნაბიჯს შეთანხმების ნაწილში დიდი წვლილი მიუძღვის.

„გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა ოპოზიციის მხრიდან. ვფიქრობ, პრეზიდენტი იყო მზად კომპრომისზე წასასვლელად. ამ მზადყოფნამ აჩვენა სიმამაცე და გამბედავი მიდგომა. ამ ნაბიჯის გადადგმა არ ყოფილა მისთვის მარტივი. ვიმედოვნებ, უახლოესი ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილავთ შეწყალებას, რაც არის შეთანხმების ნაწილი. ვაფასებ, რომ პრეზიდენტმა საბოლოოდ გადადგა ეს ნაბიჯი, რომელიც არ ყოფილა მარტივი, რადგან ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ კომპრომისები არ არის ჩვეულებრივი და ხშირი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ამგვარად, პრეზიდენტს შეთანხმების ამ ნაწილში დიდი წვლილი მიუძღვის“, – აღნიშნა კრამონმა.

საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ასევე უპასუხა კითხვას: „მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ვადამდელი არჩვენების დანიშვნა დამოკიდებულია შემოდგომას დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე, როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ამ არჩევნებამდე და იქნება თუ არა არჩევნების მიმართ ევროკავშირისა და დასავლური ინსტიტუტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სადამკვირვებლო მისიების განთავსების კუთხით“.

აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში არის დიდი სურვილი, რომ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას შეუერთდნენ. ვიოლა ფონ კრამონი იმედოვნებს, რომ ეუთო და ევროპარლამენტი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას შეძლებენ.

„რა თქმა უნდა, ევროპარლამენტში არის დიდი სურვილი, შეუერთდნენ არჩევნებზე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას. ვიმედოვნებ, წლის ამ პერიოდისთვის, შემოდგომას, სანიტარული სიტუაცია მოგვცემს შესაძლებლობას, ჩამოვიდეთ საქართველოში ოფიციალური მანდატით, ოფიციალური მისიით, რადგან იქნება უფრო დიდი მოლოდინი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ, ყველანი აუცილებლად ყურადღებით დავაკვირდებით გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო პირობებს. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურმა აქტორებმაც ამის შესახებ კარგად იციან. ვიმედოვნებ, ეუთო და ევროპარლამენტი შეძლებენ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას, თუმცა ვინაიდან პანდემიის პირობებში ვითარება ჯერ კიდევ ძალიან არაპროგნოზირებადია, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამის პირობას ვერ დავდებთ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.