ვიოლა ფონ კრამონი – ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს
ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე, – ამის შესახებ ევროპარლმანტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაწერა.
ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს უკანასკნელი საშინაო მოვლენების შემდეგ, დავით ზალკალიანის „ევრაქტივთან“ ინტერვიუ სასაცილოდ გამოიყურება.
„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს ევროკავშირთან გაფორმებულ 19 აპრილის შეთანხმებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება 2020 წლის შემდგომი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დღის წესრიგის პერსპექტივა“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ ასევე წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც კი უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა.
„სიმართლე რომ ვთქვათ, უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ამ ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა. ასე რომ, ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ხელს არაფერს უწყობს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ამასთან, ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რომ ამჟამად უკრაინაში იმყოფება და საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.
To be fair: the biggest opposition party #UNM not even made an effort to sign this joint agreement with the #EU. So, both sides play a terrible political game on the back of their citizens. All this does NOT help at all.
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 28, 2021
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.
ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.