ვიოლა ფონ კრამონი - ოპოზიციის მხრიდან უნდა დაისვას კითხვა, რა უნდათ მმართველი გუნდისგან, პრინციპი „ახალი არჩევნები ან არაფერი“ მიუღებელია
ვიოლა ფონ კრამონი - ოპოზიციის მხრიდან უნდა დაისვას კითხვა, რა უნდათ მმართველი გუნდისგან, პრინციპი „ახალი არჩევნები ან არაფერი“ მიუღებელია

ოპოზიციის მხრიდან უნდა დაისვას კითხვა, რა არის ჩვენი დღის წესრიგი, რა გვინდა მმართველი გუნდისგან, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და რა იქნება ჩვენი ნაბიჯი მშვიდობისთვის და არა ბოიკოტი, ბლოკირება, ან „ახალი არჩევნები ან არაფერი“ პრინციპი, ასეთი რამ მიუღებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, „სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა“.

„საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ამ რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. სულ ახლახან ჩვენ ვნახეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ამიტომ ახლა ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი და არა ქვეყანა, რომელიც ძირითადად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული.

ვიმედოვნებ, ყველამ მიიღო ახალი რეალობა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა და ახლა მართლა მაქვს იმედი, რომ მთავრობა გაიაზრებს მის პასუხისმგებლობას და იმას, რომ ბოლო ქმედებებით წითელი ხაზები გადაკვეთა. თუ თქვენ მართლაც გსურთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, მაშინ დროა, შესაბამისად მოიქცეთ. ამაში იგულისხმება ის, რომ თავის ადგილზე იდგეს კანონის უზენაესობის პრინციპი და დემოკრატიზაციის პროცესი არ ფერხდებოდეს. ოპოზიციამ კი უნდა აჩვენოს, რომ აქვს განზრახვა, მიაღწიოს წარმატებას ამ პროცესში, რომ მას ეს უნდა.

ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხალხის გარეთ გამოყვანა სურდა. ეს სულაც არაა ახლა ის, რაც ქვეყანას სჭირდება. საჭიროა, მათი მხრიდან დაისვას კითხვა: რა არის ჩვენი დღის წესრიგი, რა გვინდა მმართველი გუნდისგან, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და რა იქნება ჩვენი ნაბიჯი მშვიდობისთვის და არა ბოიკოტი, ბლოკირება, ან „ახალი არჩევნები ან არაფერი“ პრინციპი, ასეთი რამ მიუღებელია. პარლამენტში საჭიროა ხელსაწყოების გამოყენება. პრემიერისგან ველი, რომ გამოიყენებს ნაკლებად პოლარიზებულ და რადიკალურ რიტორიკას. ეს მის ინტერესშია, რათა ვითარება განმუხტონ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონმა.