ვიოლა ფონ კრამონი - „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა
ვიოლა ფონ კრამონი - „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და უარის თქმამ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა.

როგორც ევროპარლამენტარმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს უკეთესს, ისინი იმსახურებენ პოლიტიკოსებს, ვინც აყენებს ქვეყნის ინტერესს ყველაფერზე უფრო მაღლა.

„მე არასდროს ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებდი, რომ ერთგული ყოფილიყვნენ იმ დოკუმენტისა, რომელიც გაფორმდა და იმ ვალდებულებისა, რომლებიც მათ აიღეს. ჩვენ უნდა შევაფასოთ ჯეროვნად ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის სამუშაო არის აკონტროლოს მთავრობა და არა იყოს გარეთ, არ დარჩეს პარლამენტს მიღმა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ამ კონტექსტში მომავალი ადგილობრივი არჩევნები გახდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი.

„ევროკავშირი გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას, ბრძოლაში სამართლიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მკვიდრმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ხმა მისცეს ადგილობრივ არჩევნებში. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია, რათა ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე წვლილი შეიტანონ გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.