ვიოლა ფონ კრამონი - იმედი მაქვს, პოლიტიკოსების უმეტესობა, იმის ნაცვლად, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს, შეგნებული იქნება და გაგზავნის წარმომადგენლებს საკრებულოებში, იბრძოლებს ცვლილებებისა და რეფორმებისთვის
ვიოლა ფონ კრამონი - იმედი მაქვს, პოლიტიკოსების უმეტესობა, იმის ნაცვლად, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს, შეგნებული იქნება და გაგზავნის წარმომადგენლებს საკრებულოებში, იბრძოლებს ცვლილებებისა და რეფორმებისთვის

იმედი მაქვს, პოლიტიკოსების უმეტესობა შეგნებული იქნება და გაგზავნის საკუთარ წარმომადგენლებს საკრებულოებში, სადაც არსებობს წარმომადგენლობითი დემოკრატია და იბრძოლებს ცვლილებებისა და რეფორმებისთვის, იმის ნაცვლად, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა კითხვაზე 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შესაძლო არეულობის შესახებ.

„ეს შესაძლებლობა არსებობს. იმედი მაქვს, პოლიტიკოსების უმეტესობა იქნება შეგნებული და გაგზავნის საკუთარ წარმომადგენლებს საკრებულოებში, სადაც არსებობს წარმომადგენლობითი დემოკრატია და იბრძოლებს ცვლილებებისა და რეფორმებისთვის, იმის ნაცვლად, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. მოვუწოდებ ყველას, არ ეცადონ ძალადობის გამოწვევას. ეს ყველაზე უარესი სცენარია, რომელიც შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. სწორედ ამიტომ გავაგზავნეთ ამდენი დამკვირვებელი საქართველოში და ჩემი კოლეგებიც ამიტომ გაემგზავრნენ საქართველოში. იმედია, ჩვენ შევძლებთ ცვლილებების შეტანას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ინსტიტუტები, მაგრამ თუ ვინმეს სურს უსიამოვნების მოწყობა, ის ამას მაინც გააკეთებს. იმედი მაქვს, საქართველო უფრო მომწიფებულია, ვიდრე უბრალოდ ქუჩის აქციების გამართვაა. ვიცი, რომ ქართველებს ეს არ სურთ, მათ ეს არ სჭირდებათ. მათ სურთ უფრო მიზანდასახული მუშაობის ხილვა საკრებულოებში, პარლამენტსა და სხვა ინსტიტუტებში“, – განაცხადა კრამონმა.

ამასთან, კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ევროკავშირი, თუ ვითარება გაუარესდა, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ „ახლა არ არის დრო, გავამხილო პოტენციური ნაბიჯები, რომლის მიღებაც შეიძლება, მოგვიწიოს“.

„ვესაუბრეთ სხვადახვა ინსტიტუტს და სურვილი გვაქვს, მოვახდინოთ ჩვენი ქმედებების სინქრონიზაცია ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ისევე, როგორც ბრიუსელში მდებარე ინსტიტუტებთან, მაგრამ ახლა არ არის ის დრო, რომ გავამხილო პოტენციური ნაბიჯები, რომლის მიღებაც შეიძლება, მოგვიწიოს. იმედია, ეს არ გახდება საჭირო. იმედი მაქვს, ვნახავთ მშვიდ საარჩევნო დღეს და ასევე გონივრულ ქცევას არჩევნების შემდეგ, რაც არ გააჩენს ახალ გამოწვევებს. საქართველო არის მნიშვნელოვანი და ჩვენ გვსურს ნაყოფიერი თანამშრომლობა ამ მთავრობასთან, სხვა ნებისმიერ მთავრობასთან, ასევე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ამიტომ, იმედი მაქვს, უფრო მეტ პარტნიორს ვიხილავთ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.