ვიოლა ფონ კრამონი - ძალიან პატარა ოპოზიციური პარტიის წევრი ვიყავი და მქონდა ისეთივე უფლებები, როგორც მმართველ ძალას, სწორედ ეს არის მიზანი, რომელსაც საქართველოში უნდა მივაღწიოთ
ვიოლა ფონ კრამონი - ძალიან პატარა ოპოზიციური პარტიის წევრი ვიყავი და მქონდა ისეთივე უფლებები, როგორც მმართველ ძალას, სწორედ ეს არის მიზანი, რომელსაც საქართველოში უნდა მივაღწიოთ

პირველად საქართველოს პარლამენტში ალაპარაკდნენ ძალაუფლების გადანაწილებაზე. ეს სიახლეა საქართველოსთვის და ამ მიმართულებას სჭირდება განვითარება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, გაკვირვებულია, რომ თითქმის ყველა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რაც კომპრომისისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. 

„ვფიქრობ 19 აპრილის შეთანხმება არის კარგი საფუძველი. პირველად საქართველოს პარლამენტში ალაპარაკდნენ ძალაუფლების გადანაწილებაზე. ეს სიახლეა საქართველოსთვის და ამ მიმართულებას სჭირდება განვითარება. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ მოიქცევა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში და როგორ მოხერხდება ეს რეალურად. ჩვენ დიალოგის სხვადახვა დონე უნდა განვიხილოთ. პირველია, დიალოგი ოპოზიციურ პარტიებს შორის, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, შემდეგ კი ჩვენ უნდა ვნახოთ როგორ წარმოადგენენ ისინი პარლამენტს გარე აქტორებთან, მათ შორის ევროპარლამენტთან და სხვა პარტნიორებთან. როგორც გითხარით დეტალები მაშინ გაირკვევა, როდესაც უშუალოდ დიალოგს წამოვიწყებთ. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ თითქმის ყველა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი კომპრომისისკენ, რაც ამ დრომდე არ ყოფილა საქართველოს პოლიტიკური კულტურის ნაწილი. შარლ მიშელის მედიაციის შედეგად მიღწეული ხელშეკრულების ხელმოწერით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი კრიზისის მოსაგვარებლად. კომპრომისი ნიშნავს, რომ ერთი პარტია ვერასდროს მიაღწევს მაქსიმუმს და პარტიებს მოუწევთ ახსნა ამომრჩევლისთვის, თუ რატომ მოხდა შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათი მოთხოვნა არ შესრულდა. როგორც ვხედავ, ეს ნამდვილად არ არის იოლი საქმე ყველა პარტიისთვის, თუმცა პარტიების უმრავლესობამ საკმაოდ წარმატებულად გაართვა ამ პროცესს თავი, მათ დაინახეს, რომ ეს შეთანხმება საქართველოს ინტერესებშია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ძალაუფლების გადანაწილებაზე საუბრისას ვიოლა ფონ კრამონმა ასევე განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა კონსტრუქციული მიდგომა.

„ჩემი გზავნილი ყველა პოლიტიკური ძალისთვის შემდეგია: წინ წავიწიოთ საპარლამენტო საქმიანობაში, გვქონდეს უფრო კონსტრუქციული მიდგომა, როდესაც საქმე ეხება ძალაუფლების გადანაწილებას. ევროპარლამენტში განსხვავებული მიდგომა გვაქვს, ჩვენ არ გვყავს მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტია. თუმცა მანამდე ბუნდესტაგის წევრი გახლდით, ძალიან პატარა ოპოზიციური პარტიის წევრი ვიყავი და მქონდა ისეთივე უფლებები, როგორც მმართველ ძალას. სწორედ ეს არის მიზანი, რომელსაც საქართველოში უნდა მივაღწიოთ“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

დატოვე კომენტარი