ვინჩენცო მონტელა - თურქეთის მიზანი ევრო 2024-ის ჯგუფიდან გასვლაა, საქართველოს ნაკრები ჩემგან პატივისცემას იმსახურებს #1TVSPORT
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ევრო 2024-ისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ფეხბურთელების არჩევანი გავაკეთეთ როგორც წმინდა საფეხბურთო, ასევე პიროვნული თვისებებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო, ვინ რა შემოგვთავაზა სეზონის მიწურულს. რა თქმა უნდა, ჩვენი ამჟამინდელი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის მოგებაა.
ბოლო ორ შეხვედრაში მეორე ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. თუმცა, აქედან ბევრი რამ ვისწავლეთ. მეტოქის დაუფასებლობა დაუშვებელია. ჯგუფში ერთმანეთისგან განსხვავებული საფეხბურთო გემოვნების მქონე სამ მეტოქეს დავუპირისპირდებით.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი მატჩია, რომელიც ძალიან რთული იქნება. საქართველო აქამდე კომპაქტურად თამაშობდა. ეს არის გუნდი, რომელიც ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ ფიფა-ს რეიტინგში ჩვენზე უკანაა.
გამორჩეული გუნდია პორტუგალია. ჩეხეთზეც გარკვეული მოსაზრება მაქვს. ჩვენ არ ვიცით, როგორ ითამაშებენ ისინი გერმანიაში. ვფიქრობ, დონით ჩეხეთის ეროვნული ნაკრები თურქეთთან ყველაზე ახლოსაა.
გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც პირველად ითამაშებენ ეროვნულ ნაკრებში. მოთამაშეთა საშუალო ასაკი 25.1 წელია. ეს არის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს. გერმანიაში ისე ვითამაშებთ, როგორც სახლში, მაგრამ არ მინდა, რომ ამან წნეხი გამოიწვიოს. დარწმუნებული ვარ, ემოციების მართვის პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოსა და თურქეთის მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში ჩატარდება.