დღეს, 15 დეკემბერს, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ორი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ეროვნული ლიგის ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდები ლიგა 2-ის მეორე-მესამეადგილსონებს დაუპირისპირდებიან.
გადასასვლელი პლეი ოფი ორი მატჩისგან შედგება და გუნდები „შინ და გარეთ“ პრინციპით ითამაშებენ. ეროვნული ლიგა 2-ის მეორეადგილოსანი წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნული ლიგის მეცხრეადგილოსან საჩხერის ,,ჩიხურას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე 17:30 საათზე დაიწყება. ნომინალური მასპინძლები საჩხერელები იქნებიან.
ეროვნული ლიგის გათამაშებაში ქუთაისის „,ტორპედომ” მე-8 ადგილი დაიკავა. გამომდინარე აქედან, გუნდი 2-მატჩიან დაპირისპირებას ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „გაგრას“ წინააღმდეგ გამართავს. პირველი თამაში 15 დეკემბერს, თბილისში, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება. მატჩი 13:30 საათზე დაიწყება.
ჯერჯერობით, ფეხბურთის ფედერაციას განმეორებითი შეხვედრების თარიღი არ დაუსახელებია.