ვინ იყო ყასემ სოლეიმანი, რომელიც ერაყში საჰაერო თავდასხმის დროს მოკლეს
3 იანვარს, დილის საათებში ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე ავიაიერიში განხორციელდა. რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ საჰაერო შეტევის სამიზნე ირანელი გენერალი, 62 წლის ყასემ სოლეიმანი გახდა. ავიაიერიშზე პასუხისმგებლობა პენტაგონმა აიღო.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ყასემ სოლაიმანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენის გავრცელების მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. გენერალ-მაიორი, ირანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტაქტიკოსად მიიჩნეოდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, ყასემ სოლეიმანი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სულიერ ლიდერ აიათოლა ხამენეის შემდეგ, რიგით მეორე გავლენიანი ფიგურა იყო.
ყასემ სოლეიმანი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 1979 წელს, „ისლამური რევოლუციის“ სახელით ცნობილი მოვლენების დროს შეუერთდა. რევოლუციის გუშაგთა კორპუსში ყოფნის პირველი წლები ირან-ერაყის ომს დაემთხვა, რა დროსაც სოლეიმანი 41-ე დივიზიას ხელმძღვანელობდა. 1998 წელს კი, „ქუდსის ძალები“ ჩაიბარა. ირანის რევოლუციის გუშაგთან კორპუსის ელიტური სამხედრო-პოლიტიკური ქვედანაყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის ექსტრატერიტორიულ სამხედრო საიდუმლო ოპერაციებზეა პასუხისმგებელი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე წლის აპრილში „ქუდსის ძალებს“ ტერორისტული ორგანიზაციის კვალიფიკაცია მიანიჭა.
მოგვიანებით, გენერალი სოლეიმანი ირანის საგარეო ოპერაციებში ჩაერთო, რის ფარგლებშიც სამხედრო დახმარებას უწევდა ერაყში სადამ ჰუსეინის საწინააღმდეგო შიიტურ და ქურთულ ჯგუფებს. აქტიური სამხედრო კარიერის მიუხედავად, გენერალ სოლეიმანს ცოტა თუ იცნობდა. საერთაშორისო მასშტაბით მისი სახელი სწორედ 2003 წლიდან, ერაყში განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა ცნობილი.
ირანელი გენერალი ამავე საქმიანობას ეწეოდა ლიბანში მოძრაობა „ჰეზბოლას“, ხოლო პალესტინის ტერიტორიაზე „ჰამასის“ მხარდასაჭერად. 2012 წელს გენერალი სოლეიმანი სირიის სამოქალაქო ომის ფარგლებში ეხმარებოდა ასადის რეჟიმს, რომელიც ირანის საკვნაძო პარტნიორია.
აღნიშნული ექსტრატერიტორიული ოპერაციების ფარგლებში გენერალი სოლეიმანი ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ფორმირებებსა თუ რეჟიმებს სამხედრო მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უწევდა და ამ გზით რეგიონში ირანის ძალაუფლებასა და გავლენას ზრდიდა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ „ქუდსის ძალები“, რომელსაც გენერალი სოლეიმანი ხელმძღვანელობდა, რეგიონში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული დაჯგუფებების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის მთავარი მექანიზმია.
2013 წელს გამოცემა „ნიუ იორკერთან“ ინტერვიუს დროს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დასაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთმა ოფიცერმა განაცხადა, რომ გენერალი სოლეიმანი ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი გავლენიანი სამხედრო პირია, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის.
„უნდა იცოდეთ, რომ მე, ყასემ სოლეიმანი, ვაკონტროლებ ერაყში, ლიბანში, ღაზასა და ავღანეთში ირანის პოლიტიკას“, – ასეთი სიტყვები უთხრა ერთხელ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, დევიდ პეტრეუსს გენერალმა სოლეიმანმა.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა კი გენერალი სოლეიმანი აღწერეს, როგორც რეგიონში ირანის ამბიციების სისრულეში მოყვანის მთავარი ხელმძღვანელი.
დასავლური მედია იუწყება, რომ გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამური რესპუბლიკას შორის არსებული ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებს.


