ვინ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი, გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი?

13:05, 22.07.2026
გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი უკრაინის თავდაცვის ძალების მთავარსარდალია. 2026 წლის 21 ივლისს მან ამ პოსტზე ალექსანდრ სირსკი შეცვალა

გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი უკრაინის თავდაცვის ძალების მთავარსარდალია. 2026 წლის 21 ივლისს მან ამ პოსტზე ალექსანდრ სირსკი შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დანიშნა.

 

„უკრაინის სამსახური ჩემთვის ყოველთვის პატივი იყო, ხოლო დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე ომის პირობებში ეს უდიდეს პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. ჩემს მოვალეობას პასუხისმგებლობით, სრული კონცენტრაციით და იმ ადამიანებისადმი პატივისცემით შევასრულებ, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას იცავენ“, – დაწერა დრაპატიმ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მთავარსარდლად მისი დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

მან ყოფილ მთავარსარდალ სირსკის, გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიმართულებით მის „თანმიმდევრულ ძალისხმევას“ გაუსვა ხაზი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების დროს, დრაპატი 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის (სამხედრო ნაწილი A2167, ბელაია ცერკოვი) მე-2 მექანიზებული ბატალიონის მეთაურად მსახურობდა. 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებისთვის, 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა, სრული შემადგენლობით, აღმოსავლეთ უკრაინაში იყო დისლოცირებული და საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად მზადყოფნაში იმყოფებოდა.

72-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონი, მისი მეთაურობით, 2014 წლის მაისში მარიუპოლში, ადგილობრივი დანაყოფების გასაძლიერებლად, ჯავშანტექნიკით შევიდა. დრაპატი, თავის ჯარისკაცებთან ერთად, იმ ცნობილ „მფრინავ ქვეითთა საბრძოლო მანქანაში“ (БМП) იმყოფებოდა, რომელმაც რუსეთის ჰიბრიდული ძალების მიერ აღმართული ბარიკადი დაანგრია.

2016 წლის აგვისტოში დრაპატი 58-ე ცალკეული მოტოქვეითი ბრიგადის მეთაურად დაინიშნა (შტაბ-ბინა კონოტოპში, სუმის ოლქი), რომელიც იმ პერიოდში ოპერაციებს ავდეევკასა და დონეცკის ოლქის იასინუვატას რაიონში ახორციელებდა. 2017 წლის ივლისიდან, უშუალოდ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ყოფნისას, იგი მეთაურობდა 58-ე ცალკეული მოტოქვეითი ბრიგადის ოპერაციებს ბახმუტის რაიონში.

2019 წლის აგვისტოში 58-ე ბრიგადას ახალი მეთაური დაენიშნა, თავად დრაპატი კი უკრაინის ივან ჩერნიახოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში ორწლიან სასწავლო კურსზე ჩაირიცხა.

2024 წლის იანვრამდე, დრაპატი საოპერაციო ჯგუფ „ხერსონს“ ედგა სათავეში. იგი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მეთაური, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს გათავისუფლებას ხელმძღვანელობდა. 2024 წლის თებერვალში ის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

2024 წლის მაისში დრაპატი ხარკოვის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის მეთაური გახდა. ამ პოსტზე მან იური გალუშკინი შეცვალა.

არის ბოგდან ხმელნიცკის ორდენის კავალერი და მინიჭებული აქვს „უკრაინის სახალხო გმირის“ წოდება.

2024 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიგადის გენერალ მიხაილო დრაპატის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა.

29 ნოემბერს, ზელენსკიმ დრაპატი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურად დანიშნა. მანამდე ამ პოსტს ოლექსანდრ პავლიუკი იკავებდა. 1 ივნისს დრაპატიმ გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მან თავის გადაწყვეტილებას „გააზრებული ნაბიჯი“ უწოდა, რომელიც, დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინული არმიის ერთ-ერთ სასწავლო ცენტრზე რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ, „პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე“ მიიღო.

 

სტატიის ავტორი: ტატიანა ვოიტიუკი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 22 ივლისი, 2026 წელი, 01:12 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი