ვინ არის ისმაილ ყაანი, რომელიც ყასემ სოლეიმანის შემდეგ „ალ-ქუდსს“ უხელმძღვანელებს
ვინ არის ისმაილ ყაანი, რომელიც ყასემ სოლეიმანის შემდეგ „ალ-ქუდსს“ უხელმძღვანელებს

აშშ-ის მიერ ბაღდადის აეროპორტში ლიკვიდირებული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ნაცვლად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტურ ქვედანაყოფს „ალ-ქუდსს“ სათავეში გენერალი ისმაილ ყაანი ჩაუდგება.

„ბიბისი“ ყაანის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

„ჩვენ ყველა ომის შვილები ვართ. ჩვენ თანამებრძოლები ვართ და ომში დავმეგობრდით“, – სწორედ ასე აღწერა ისმაილ ყაანიმ თავისი ურთიერთობა მის წინამორბედ ყასემ სოლეიმანთან.

ირანის სულიერმა ლიდერმა, რომელსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ექვემდებარება, ისმაილ ყაანის ირანის სამსახურში მყოფი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და გამოჩენილი გენერალი უწოდა. აიათოლა ხამენეის თქმით, ახალი მეთაურის დაქვემდებარებაში „ალ-ქუდსი“ ისეთივე დარჩება, როგორც სოლეიმანის დროს იყო.

ყაანის შესახებ დასავლურ და ირანულ პრესაში დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იწერებოდა.

გენერალი 1957 წელს ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მეშჰედში დაიბადა. ყაანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რიგებს 1979 წლის რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ შეურთდა. ისევე როგორც სოლეიმანი, ყაანიც მონაწილეობდა ირანში ქურთული ამბოხის ჩახშობაში, რომელიც შაჰის მმართველობის დასრულების შემდეგ დაიწყო. ის ასევე იბრძოდა ირან-ერაყის ომშიც, რომელსაც მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრძოლის ველზე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ არაერთი მებრძოლი დაეცა. ყაანი ამ ომში მეთაური იყო.

„ჩვენ ვხედავდით, რომ მოხალისეები და ახალგაზრდები იღუპებიან, მაგრამ როცა მათ ვუბრძანებდით წინსვლას, ისინი უკან არ იხევდნენ“, – იხსენებდა ყაანი.

ყაანი იყო ერთ-ერთი იმ ირანელ მეთაურებს შორის, რომელთა ვარსკვლავიც ამ ომის დროს აინთო“, – ციტირებს ქალაქ მეშჰედის მცხოვრებისა და ყაანის ბატალიონის ყოფილი წევრის ნათქვამს „ფაინენშელ თაიმსი“.

ომის შემდეგ ყაანიალ-ქუდსს“ შეურთდა, სადაც „ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის“ კონტრდაზვერვით ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. როგორც „თაიმ ოფ ისრაელი“ ვარაუდობს, გარდაცვლილი ყასემ სოლეიმანი ირანის დასავლეთით მდებარე მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ხოლო ყაანი აღმოსავლეთით მოქმედებდა, მაგალითად, ავღანეთსა და პაკისტანში.

„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ თუ ირანი მართლაც უპასუხებს აშშ-ის მიერ სოლეიმანის ლიკვიდაციას, მაშინ ამ ოპერაციას სწორედ ყაანი უხელმძღვანელებს.

თუმცა, ამავე დროს, ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა გენერალი ყაანი მისი წინამორბედის მსგავსი გავლენის მოპოვებას ირანში. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ უკვე განაცხადა, რომ „ყასემ სოლეიმანის ჩანაცვლება შეუძლებელია, რადგან ის არა მხოლოდ სამხედრო მეთაური, არამედ პოლიტიკოსი და ნიჭიერი სტრატეგი იყო“.

2012 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ყაანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მას ბრალად ირანის მარიონეტული ძალების დაფინანსება წაუყენეს. კერძოდ, საქმე ეხებოდა ნიგერიის პორტ ლაგოსში დაკავებულ იარაღის დიდ პარტიას, კონტეინერებში „კატიუშას“ ტიპის რაკეტები, ავტომატების ტყვიები და სხვა იარაღი აღმოჩნდა.

2012 წელს ყაანის განცხადება გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა. ყაანი აცხადებდა, რომ ირანის ძალების ყოფნა სირიაში კონფლიქტის მასშტაბების გაფართოებას ხელს უშლიდა.

ალ-ქუდსის“ მეთაურის მოადგილე ამაყობს, რომ ისინი ბაშარ ასადის ძალებს ეხმარებიან და წვრთნიან. ნახეთ, სადამდე მიგვიყვანა ამან“, – განაცხადა მაშინ ნულანდმა.

სტატიის თანახმად, 2015 წელს ისმაილ ყაანიმ ირიბად აღიარა, რომ ირანს რაკეტები და სხვა შეიარაღება შეაქვს პალესტინის ავტონომიაში, ისრაელთან საბრძოლველად. „აშშ-ი და ისრაელი ძალიან სუსტები არიან, რათა ირანის ძლიერებას გაუმკლავდნენ. ეს სიძლიერე თავს იჩენს პალესტინის ავტონომიასა და ღაზის სექტორის დაჩაგრულ ხალხში, რაკეტებისა და სხვა იარაღის სახით“, – განაცხადა მაშინ ისმაილ ყაანიმ.