ვილნიუსში, ნაგვის კონტეინერთან, თითქმის 90 წლის წინ დაკარგული ნახატი იპოვეს
ვილნიუსში რიმტას კალპოკასის დაკარგული ტილო იპოვეს
ლიეტუველი მხატვრის, რიმტას კალპოკასის ნამუშევარი, რომელიც 1939 წლის ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაზე ლიეტუვის პავილიონს ამშვენებდა, თითქმის ცხრა ათწლეულის შემდეგ ვილნიუსში, ნაგვის კონტეინერთან იპოვეს.
ლიეტუვის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, არუნას გელუნასმა აღმოჩენას „სენსაციური“ უწოდა.
„რამდენიმე კეთილი სამარიტელის წყალობით, ხელახლა აღმოვაჩინეთ რიმტას კალპოკასის ტილო „მინდაუგასის კორონაცია“, რომელიც 1939 წელს დაიკარგა და მანამდე აშშ-ში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე ლიეტუვის პავილიონს ამშვენებდა“, – დაწერა გელუნასმა ფეისბუკზე.
ნახატი ვილნიუსში, ბირუტეს ქუჩაზე განთავსებულ ნაგვის კონტეინერთან იყო დატოვებული, თუმცა ორმა გულისხმიერმა მოქალაქემ ის გადაარჩინა და ლიეტუვის ეროვნული ხელოვნების მუზეუმის დაქვემდებარებაში მყოფ პრანას გუდინასის სარესტავრაციო ცენტრში მიიტანა.

კალპოკასმა ნამუშევარი 1939 წელს, სპეციალურად ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენის ლიეტუვური პავილიონისთვის შექმნა. პავილიონის „დიდების დარბაზში“, ფერწერული ტილოების მეშვეობით, ლიეტუვის ისტორიის საკვანძო მოვლენები იყო წარმოდგენილი – დაწყებული 1253 წელს ქვეყნის პირველი მეფის, მინდაუგასის კორონაციით.
ნახატზე გამოსახულია ეპისკოპოსის წინაშე დაჩოქილი მინდაუგასი, რომელსაც სასულიერო პირი თავზე გვირგვინს ადგამს.

„ეს არის ხელოვნების ნიმუში, რომელიც ასახავს ლიეტუვის სახელმწიფოს დასაბამს – სახელმწიფოსი, რომელიც მოგვიანებით ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე გადაიჭიმა“, – წერდა გაზეთი „აიდასი“ (Aidas) აღნიშნული ტილოს შესახებ 1939 წლის 14 მარტს.

კალპოკასის ნამუშევრის გვერდით, კიდევ ორი ტილო იყო გამოფენილი: „ნაპოლეონი 1812 წელს ლიეტუვის მთავრობას აფუძნებს“ და „ლიეტუვის დამოუკიდებლობის გამოცხადება ვილნიუსში, 1918 წლის 16 თებერვალს“. ორივე მათგანი მხატვრის მამას, ფერმწერ პეტრას კალპოკასს ეკუთვნოდა.
მუზეუმის განცხადებით, გამოფენის შემდეგ, რიმტას კალპოკასის ნამუშევრის ბედის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი და მრავალი წლის განმავლობაში, ის დაკარგულად მიიჩნეოდა.

რიმტას კალპოკასი (1908–1999) ფერმწერი და გრაფიკოსი იყო. კაუნასის სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა იტალიაში, ქალაქ მონცას სამრეწველო ხელოვნების ინსტიტუტში განაგრძო.
მოგვიანებით, მრავალი წლის განმავლობაში, ის კაუნასში სახვით ხელოვნებას ასწავლიდა და პეიზაჟებს, პორტრეტებს, გრაფიკულ ნამუშევრებსა და ფრესკებს ქმნიდა.



