„ვილიარეალმა“ „ოსასუნა“ დაამარცხა - გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთში გოლების ანგარიში გახსნა #1TVSPORT
„ვილიარეალმა“ „ოსასუნა“ დაამარცხა - გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთში გოლების ანგარიში გახსნა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მისმა ახალმა გუნდმა ლა ლიგაში „ოსასუნას“ უმასპინძლა და ქართველის დახმარებით კაცნაკლული მეტოქე 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ზედიზედ მესამე შეხვედრაში „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველ ტაიმში განსაკუთრებით აქტიური გახლდათ – ორჯერ სახიფათოდ დაარტყა კარში, ორჯერ კი შესანიშნავი გადაცემით კარის წინ დატოვა თანაგუნდელები.

41-ე წუთზე „ოსასუნას“ ფრანგმა მცველმა, ვალენტინ როსიემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, „ვილიარეალმა“ კი რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა 45+6-ე წუთზე „ოსასუნამ“ პენალტი გამოიყენა და დაწინაურდა.

გიორგი მიქაუტაძემ მეორე ტაიმში თავი მაინც გამოიჩინა. 69-ე წუთზე მანორ სოლომონის გადაცემის შემდეგ მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, ანგარიში 1:1 გახდა. 24 წლის შემდეგ ეს პირველი ქართული გოლი იყო ლა ლიგაში, 2001 წლის 7 ოქტომბერს „სოსიედადის“ რიგებში თავი გიორგი დემეტრაძემ გამოიჩინა.

86-ე წუთზე მასპინძლები კურიოზული გოლით დაწინაურდნენ – ოლივასეის დარტყმული ბურთი გუეიეს ზურგზე მოხვდა და „ოსასუნას“ კარში აღმოჩნდა.

ლა ლიგაში ხუთი ტურის შემდეგ „ვილიარეალმა“ 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მხოლოდ „რეალსა“ (15 ქულა) და „ბარსელონას“ (10 ქულა) ჩამორჩება.