ვილი სანიოლი - შეცვლაზე შესულებმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს, ზოგიერთს აშკარად „ჩაეძინა“ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიბრალტართან ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო ტურში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა და ზოგიერთი მოთამაშის პასიურობა „ჩაძინებად“ მონათლა.
„პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, გიბრალტარის ნაკრებს შანსი არ ჰქონია. სამწუხაროდ, შეცვლაზე შესულებმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს. არადა, აქამდე ჩვენი დადებითი მხარე სწორედ ის იყო, რომ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე თუნდაც 5-10 წუთით შედიოდნენ, საქმეს პროფესიულად უდგებოდნენ და ბოლომდე იხარჯებოდნენ.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენს თამაშობენ ან ვის ეთამაშებიან – ყველა მოწინააღმდეგე სათანადოდ უნდა დააფასო! ეს ყველამ უნდა იცოდეს. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ – ჯგუფში პირველი ადგილი C ლიგის ოთხივე ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებლით დავიკავეთ და პლეი ოფის მატჩს საქართველოში ვუმასპინძლებთ.
ლორიას მდგომარეობას რაც შეეხება, სამწუხაროდ, გიორგიმ მუხლი დაიზიანა. მაგრამ ტრავმის სირთულეზე ზუსტ ინფორმაციას ჯერ არ ვფლობ. მას გამოკვლევები ჩაუტარდება და მედიკოსების დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება. იმედია, სერიოზული არაფერია და გიორგი ნოემბერში ჩვენთან ერთად იქნება.
რისი ბრალი იყო მეორე ტაიმში ჩვენი ცუდი თამაში – საფარის თუ მოთამაშეთა კონცენტრაციის ნაკლებობის? შეხვედრამდეც ვიცოდით, რომ ხელოვნურ მოედანზე რთული მატჩი გველოდა და ისიც, რომ ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული გვქონდა.
არ მოგესმათ – მატჩის ბოლო წუთებზე ჩემს მოთამაშეებზე მართლა ვთქვი, რომ „ჩაეძინათ“. კონკრეტულად რომელ ფეხბურთელებს ვგულისხმობდი, არ ვიტყვი, მაგრამ დღეს, სანამ მართლა დაიძინებენ, ვის ვგულისხმობდი, ამას ჩემგან შეიტყობენ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.