საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა და ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მეთერთმეტე მატჩი წაუგებლად [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ბოლო, მეექვსე მატჩი გამართა. ვილი სანიოლის გუნდი გიბრალტარს ეწვია და 2:1 დაამარცხა. ამ მოგებით საქართველომ ერთა ლიგის C დივიზიონში მონაწილე 16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი უჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისში გაიმართება.

ვინ შეხვდება საქართველოს 27 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიისა და საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

 

ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ „ჯვაროსნების“ შემადგენლობა შეცვალა და „ვიქტორია სტედიუმზე“ გიბრალტარის ნაკრებთან სასტარტო 11-ში დააყენა გიორგი ლორია, ანრი მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი, საბა ლობჟანიძე, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მე-5 ტურის მატჩში სათადარიგოებში იყვნენ.

მოედანზე კაპიტნის რანგში გუნდი გურამ კაშიამ გაიყვანა და მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდა ლევან კობიაშვილის და ჯაბა კანკავას შემდეგ, რომელმაც „ჯვაროსნების“ ფორმით მე-100 საიუბილეო მატჩი ჩაატარა.

ანგარიშის გახსნის პირველი რეალური შანსი საქართველოს ნაკრებს მე-13 წუთზე ჰქონდა. ბუდუ ზივზივაძემ გადაცემა ჩაჭრა და საჯარიმოში ხვიჩა კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე დაუბრუნა, მაგრამ ბუდუმ მეკარეს ვერ აჯობა.

მე-19 წუთზე ჩვენმა გუნდმა მიზანს მაინც მიაღწია. კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა და თავად შეასრულა -1:0. ერთა ლიგის 6 მატჩში ხვიჩამ 5 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

 

ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ ლი კაშიაროს და სკოტ ვაისმანის დარტყმების შემდეგ საქართველოს ნაკრები გიორგი ლორიამ აშკარა გოლისგან გადაარჩინა. ამ ეპიზოდში ლორია დაშავდა, მუხლი იტკინა და მეორე ნახევრის დასაწყისში ვილი სანიოლმა გიორგი მამარდაშვილით შეცვალა.

მეორე ნახევარი ჩვენმა გუნდმა კარგად დაიწყო. გიორგი წიტაიშვილმა ანრი მექვაბიშვილს ბურთი გაუთამაშა, რამდენიმე მცველს ჩაუქროლა და ეფექტური გოლი გაიტანა, რაც მისთვის საქართველოს ნაკრებში პირველი შედეგიანი დარტყმა იყო.

75-ე წუთზე ლუი ენესლიმ საქართველოს ნაკრების კარი აიღო და მასპინძლებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩინა. მასპინძლებმა ამის შემდეგაც რამდენჯერმე სახიფათოდ და მწვავედ შეუტიეს, მაგრამ საბოლოოდ, ეს დაძაბული მატჩი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.

„ჯვაროსნებმა“ C4 ჯგუფში გამოსვლა პირველ ადგილზე დაასრულეს და ისტორიაში პირველად 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარეს. ამით გაუმჯობესდა 2010 წელს თემურ ქეცბაიას დამყარებული რეკორდი – 10 მატჩი წაუგებლად.

საქართველოს ნაკრები C დივიზიონში საუკეთესო გუნდი გახდა და ევრო 2024-ის პლეი ოფში მეტოქეს საკუთარ მოედანზე მიიღებს. თუ ვის, ეს ხვალ საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

 


გიბრალტარი – საქართველო 1:2


გოლები: 0:1 კვარაცხელია (19. პენალტი), 0:2 წიტაიშვილი (48. მექვაბიშვილის პასით), 1:2 ენესლი (75)

საქართველო: ლორია (46. მამარდაშვილი), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, მექვაბიშვილი, კვეკვესკირი, აზაროვი (61. დავითაშვილი), წიტაიშვილი, ლობჟანიძე (89. ლოჩოშვილი), ზივზივაძე (61. მიქაუტაძე), კვარაცხელია (72. ყაზაიშვილი)

სათადარიგოები: შოვნაძე, კვირკველია, ჩაბრაძე, გიორბელიძე, აბურჯანია, მამუჩაშვილი