ვილი სანიოლი - საბერძნეთთან რთული შეხვედრა გველის, მაგრამ იოლი არც მეტოქისთვის იქნება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან მატჩამდე სალონიკის „ტუმბა არენაზე“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა, ხოლო „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.
„ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და იგივე დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს გასულ მატჩებში გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში მე ძალიან ბევრი პოზიტიური ნიშანი დავინახე. ფიფა-ს რეგულაციებიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი სამი მატჩით დავიწყეთ, საიდანაც ორი შეხვედრის გამართვა სტუმრად გვიწევს“, – ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა, რა თქმა უნდა, ხვალ საბერძნეთთან დაგეგმილი მატჩის შესახებაც ილაპარაკა.
„ხვალინდელ მატჩში საბერძნეთს დავუპირისპირდებით, რომელიც ესპანეთთან პირველ ტურში გამართული შეხვედრით თავდაჯერებული გახდა. მსურს, მათ ეს შედეგი მივულოცო, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ ქულის აღება ადვილი არ არის. საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ასეთივე რთული მატჩი ექნება ჩვენს მეტოქეს“.
საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 31 მარტს სალონიკის „ტუმბა არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.