ვილი სანიოლი – ქართველები უნიკალური ხალხია, მათგან ბევრი რამ ვისწავლე #1TVSPORT
ფრანგულ პოდკასტ Passage à l’acte-თან ვრცელ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საქართველოზე, ქართულ ფეხბურთზე და ქართველების ხასიათზე ისაუბრა.
„ქართველები უნიკალური ხალხია, ძალიან მდიდარი კულტურით. თუ მათ უყვირი, საკუთარ თავში იკეტებიან, ამიტომ გაბრაზებისას შესაბამისი რბილი სიტყვები უნდა შეარჩიოთ. არ შეიძლება, უბრალოდ ჩახვიდე სხვა ქვეყანაში და ეცადო, ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც თავად გსურს. უნდა დაეყრდნო ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ფეხბურთისადმი ადგილობრივ მიდგომას.
საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-მდე დიდ საერთაშორისო ტურნირზე არასდროს უთამაშია. ჩვენ მიერ მიღწეულმა შედეგმა მთელ ქვეყანას უდიდესი ბედნიერება მოუტანა. საფრანგეთში გამარჯვებებს შეჩვეულები ვართ, იქ კი დიდ ტურნირზე გასვლა პირველად იზეიმეს და სწორედ ამიტომ ევრო 2024-ზე თამაშით მთელი ქვეყნის სიხარული სრულიად განსხვავებული მასშტაბის იყო.
ფედერაციის ხელმძღვანელობა მენდო და დრო მომცა. ეს უზარმაზარი უპირატესობა იყო და საშუალება მქონდა, ისეთ პირობებში მემუშავა, როგორიც ევროპის ბევრ ქვყანაში არ მექნებოდა. ჩვენი წარმატებები სწორედ ამ დროისა და ხელმძღვანელობის მხრიდან გამოცხადებული ნდობის შედეგი იყო.
მზად უნდა იყო, წელიწადში 7-8 თვე უცხო ქვეყანაში გაატარო, სადაც სრულიად განსხვავებული კულტურაა, ენა კი ისეთია, რომელზე ლაპარაკი, ან თუნდაც სიტყვების წარმოთქმა ძალიან რთულია. ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლე. იმედი მაქვს, ჩემგან მათაც რამე ისწავლეს. ეს შესანიშნავი თანამშრომლობა იყო.
ფეხბურთი ცხოვრების სკოლაა, თუ წინსვლას შეწყვეტ, სხვები გაგასწრებენ და უკან დარჩები. როცა 0:4-ს აგებ, მატჩის შემდეგ ვერანაირი ლამაზი სიტყვები ვერ აიძულებს ხალხს, შედეგი დაივიწყოს“.