ვილი სანიოლი - მოედანზე მხოლოდ გასამარჯვებლად უნდა გახვიდე, თუმცა, შვედებთან ფრეც გამახარებს #1TVSPORT
ვილი სანიოლი - მოედანზე მხოლოდ გასამარჯვებლად უნდა გახვიდე, თუმცა, შვედებთან ფრეც გამახარებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა „სოლნა არენაზე“ შვედეთთან მატჩამდე ვარჯიში ჩაატარა, ხოლო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა. 

„ერთი სული გვაქვს, ახალ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს როდის ჩავატარებთ. შვედეთის ნაკრები საქართველოზე უფრო გამოცდილია, მაგრამ ამბიციები ჩვენც გვაქვს, რომ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად დავიწყოთ. გერმანიაში დიდხანს ვთამაშობდი და პირველი ეს ვისწავლე – მოედანზე მხოლოდ გასამარჯვებლად უნდა გახვიდე, მაგრამ ხვალ ფრე კარგი შედეგი იქნება, რადგან შვედეთი ძლიერი ნაკრებია. თუმცა, ჩვენთან ბევრი ნიჭიერი და ამბიციური მოთამაშეა“, – განაცხადა სანიოლმა.

„ჯვაროსნების“ ფრანგმა სპეციალისტმა კომენტარი შვედეთის ნაკრებში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაზეც გააკეთა: „ზლატანთან თამაში ძალიან ძნელია, მის წინააღმდეგ მეც მითამაშია. ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა. ის როგორ უნდა გავაჩეროთ? ფეხბურთი გუნდური თამაშია და ჩვენ არა ზლატანის, არამედ, შვედეთის ნაკრების შეჩერება გვსურს“.

სანიოლმა ისაუბრა, მოკლე დროში როგორ მოახერხა საქართველოს ნაკრების შესწავლა: „გუნდში ახალი დანიშნული ვარ, მაგრამ ბევრი შეხვედრა ვნახე და გუნდსა და მოთამაშეებზე წარმოდგენა შემექმნა. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო რომ მქონდა, მთავარზე გავამახვილე ყურადღება. დანარჩენს ხვალ ნახავთ“.