ვინ იქნება საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე? ამის შესახებ კითხვა ვილი სანიოლს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.
„ძალიან მიხარია, რომ მეკარეებში დიდი კონკურენციაა. მამარდაშვილი „ვალენსიაში“ თამაშობს, კარგად გამოიყურება და მისი იმედი გვაქვს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლორია ძალიან გამოცდილია და ცხადია, მას აუცილებლად დავეყრდნობით. ასევე ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა კუპატაძე, რომელიც კარგ ფორმაშია“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
წლებია საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორიაა, რომელიც ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე საიმედო კიპერია და მეკარეებიდან ყველაზე მეტი, 63 მატჩი ჩაატარა.
გიორგი მამარდაშვილი დამწყები, მაგრამ ძალიან იმედის მომცემი მეკარეა – გადავიდა „ვალენსიაში“ და ყველასათვის მოულოდნელად, ძირითადი შემადგენლობიდან ნიდერლანდების ნაკრების მეკარე, „ბარსელონას“ ექს-წევრი იასპერ სილესენი ამოაგდო.
ამას გარდა, ნაკრებში ბოლო სამი წელია სისტემატურად იწვევენ ლაზარე კუპატაძეს, რომელიც ბათუმის „დინამოს“ წარმოადგენს – 25 წლის მეკარემ რუმინეთთან ითამაშა და დაამტკიცა, რომ „ჯვაროსნებს“ მისი სახით საიმედო ზურგი ჰყავთ.