ვილი სანიოლი - კვარაცხელიაში რაღაც განსაკუთრებულია, „ნაპოლიმ“ ამიტომ წაიყვანა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ Football Italia-სთან ინტერვიუში ახსნა წინაპირობა, რატომ გააფორმა „ნაპოლიმ“ „ჯვაროსნებისა“ და ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი.
„რადგან „ნაპოლიმ“ გადაწყვიტა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმება, ე.ი. მასში რაღაც უჩვეულო დაინახეს. ის მართლაც ძალიან ნიჭიერია, ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ხვიჩაში რაღაც განსაკუთრებულია. თქვენ ჯერ არ გინახავთ ყველაფერი, რაც მას შეუძლია. ის იტალიაში აუცილებლად ტოპ-ფეხბურთელი გახდება“, – ციტირებს სანიოლის Football Italia.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი ყაზანის „რუბინში“ დაიწყო. მარტის ბოლოს 21 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კვარაცხელიამ ხელშეკრულება გაწყვიტა და ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მაისში კი „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კვარაცხელიასთან ხელშეკრულება გააფორმეს.