ხვიჩა კვარაცხელია - ველოდებით სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას სახლშიც უნდა მოვუგოთ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - ველოდებით სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას სახლშიც უნდა მოვუგოთ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს, ვინც ბულგარეთთან მატჩზე, ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად „დინამო არენაზე“ მივიდა და ტრიბუნები შეავსო.

„მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭრა – ამდენი ხალხი ძალიან მაგარი ატმოსფეროა. დასანანია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. ჩემი აზრით, მიზეზი იყო ის, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ბულგარელები დაცვიდან გვეთამაშებოდნენ. ნახეთ, რომ ბოლო წუთებზე შტურმი მოვუწყვეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა“, – ამბობს კვარაცხელია.

21 წლის ქართველი თავდამსხმელი, რომელიც მალე „ნაპოლის“ მაისურს მოირგებს, აცხადებს, რომ უკვე დარჩენილ ორ მატჩს ელის:

„არა უშავს, ველოდებით სექტემბერს და ჩრდილოეთ მაკედონიას სახლშიც აუცილებლად უნდა მოვუგოთ“.

ერთა ლიგაზე კვარაცხელიამ ივნისში ოთხი შეხვედრა ითამაშა და ოთხივე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მან კომენტარი ამაზეც გააკეთა:

„რა თქმა უნდა, ასეთი გრაფიკით თამაში რთულია, მაგრამ ფეხბურთელი იმიტომ ხარ, რომ მსგავს დატვირთვებს გაუძლო“.