ვილი სანიოლი - კონტრაქტის გახანგრძლივება ახალი პროექტის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ #1TVSPORT
ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობს.
„ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, მსგავსი ისტორიის გამეორება გვინდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაც ახალი პროექტის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს, ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია.
საქართველოს ნაკრები ევროპაში უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონში გაიმარჯვა და B ლიგაში დაწინაურდა, ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.