ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობაზე – ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, პასუხისმგებლობა აეღო #1TVSPORT

12:43, 25.03.2026

ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების კაპიტნად არჩევაზე კომენტარი გააკეთა „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.

„ვფიქრობ, ბოლო 2-3 წელიწადში კვარაცხელიას დიდი პროგრესი აქვს. ახლა ისეთ დონეზეა, რომ შეუძლია, თანაგუნდელებსაც ბევრი რამ გაუზიაროს. ამ თემაზე რამდენიმე თვის წინაც ვისაუბრეთ და ვიგრძენი, რომ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, კაპიტანი ყოფილიყო, აეღო პასუხისმგებლობა და გუნდს დახმარებოდა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

თუმცა, ის არ უნდა იყოს ერთადერთი ლიდერი – გვყავს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ვიცე-კაპიტანი იქნება. მას აქვს დიდი გამოცდილება, ძლიერი ხასიათი და პატივს სცემენ როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი ფეხბურთელები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მანაც აიღოს პასუხისმგებლობა და ლიდერობა.

მიუხედავად იმისა, რომ შეკრებაზე არ არის, ოთარ კაკაბაძე თავისი გამოცდილებით კარგი ლიდერი იქნება.

მათ ვთხოვე, ჩამოაყალიბონ 7-8 მოთამაშისგან შემდგარი ლიდერთა ჯგუფი, რომელიც ერთად აიღებს პასუხისმგებლობას. მაშინ როდესაც გუნდი ერთ აზრზეა, სწორი გზითაც განვითარდება“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

მსგავსი