ვილი სანიოლი - კარგია, რომ ბათუმში მატარებლით წავედით, ფეხბურთელებთან სასაუბროდ მეტი დრო გვქონდა #1TVSPORT
ვილი სანიოლი - კარგია, რომ ბათუმში მატარებლით წავედით, ფეხბურთელებთან სასაუბროდ მეტი დრო გვქონდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შვედეთთან 11 ნოემბრის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.

– ნაკრებში ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადე. სხვაგვარად ვერ გავიგებდით, შეუძლია თუ არა ამა თუ იმ მოთამაშეს ეროვნული ნაკრების დონეზე გამოსვლა. გუნდს ახალი სისხლი სჭირდება და ამის საშუალება სექტემბერში გვქონდა, როდესაც ბევრი ტრავმირებული და უკლუბო ფეხბურთელი გვყავდა. ის მატჩები, განსაკუთრებით კოსოვოსთან შეხვედრა, ძალიან ცუდად ჩავატარეთ. მაგრამ საბერძნეთთან გამარჯვებამ განწყობა გამოგვიკეთა.

– ჩვენი და შვედეთის პირველი მატჩი ორივესთვის მძიმე იყო. გატანა ორივეს შეგვეძლო, მაგრამ წავაგეთ. გავიდა 7 თვე და ხვალ სხვაგვარ სურათს ველოდები. წარმატებას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუკი მოედანზე ანალოგიური მოტივაციით გავალთ. დაცვაში დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ.

gff.ge

– რატომ წავედით ბათუმში მატარებლით? ვფიქრობ, ზოგჯერ ხანგრძლივი მგზავრობა სასარგებლოცაა, რადგან ეს ფეხბურთელებს მოსწონთ და სასაუბროდაც უფრო მეტი დრო გვქონდა. ნამდვილად კარგი იყო.

– მოტივაციის ნაკლებობა? ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა არასდროს აქვთ. ხვალინდელი მატჩისთვისაც ყველა გამორჩეული მონდომებით ემზადება.

– რატომ არ მოვიწვიეთ მამარდაშვილი? სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, ასეთ ნიჭიერ მეკარეს კი პრაქტიკა ესაჭიროება. ამიტომაც, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და ახალგაზრდულ ნაკრებში გავუშვით, რომელიც ინგლისის ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდება.

11 ნოემბერი. 21:00. ბათუმი

საქართველო – შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

15 ნოემბერი. 18:00. გორი

საქართველო – უზბეკეთი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).