ვილი სანიოლი - ჩვენს გაფართოებულ სიაში 50 მოთამაშეა, მათ შორის, ნინუა და არაბული #1TVSPORT
ბერძნულმა გამოცემამ Gazzeta.gr ინტერვიუ ჩამოართვა ვილი სანიოლს, რომელმაც საქართველოს ნაკრებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, კანდიდატებსა და სხვა საინტერესო თემებზე ილაპარაკა.
ფრანგმა სპეციალისტმა მსოფლიო ჩემპიონატის ევროზონის მეორე ჯგუფში (სადაც საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებები ერთად არიან) ფავორიტები დაასახელა, თუმცა, სიურპრიზები არ გამორიცხა.
„ვფიქრობ, შვედეთმა და ესპანეთმა საუკეთესოდ დაიწყეს და სხვა გუნდებს მათი დაწევა გაუჭირდებათ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია და შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს“, – ამბობს სანიოლი.
მან „ჯვაროსნების“ იმედზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა: „ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ დიდი პოტენციალი გააჩნია. მან მნიშვნელოვან ელემენტებზე უნდა იმუშაოს. ესპანეთთან და საბერძნეთთან კარგად ითამაშა. იმედია, მომავალშიც ასე გააგრძელებს“.
სანიოლის თქმით, საბერძნეთის სუპერლიგაში მოთამაშე ნიკა ნინუა (პაოკ-ი) და ბაჩანა არაბული („ლამია“) საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში არიან: „ნინუაც და არაბულიც იმ 40-50-კაციანი გაფართოებულ სიაში არიან. მათ შემდეგაც ყურადღებით დავაკვირდები, ისევე როგორც აქამდე“.