იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ სპორტიდან მუსიკაში გადაინაცვლა. მან შეკრიბა სხვადასხვა მიმართულების არტისტები და ჯგუფს „ბობოდიჯეი“ (BOBODJ) დაარქვა. თავად ვიერი, თავის მეგობართან ერთად, დიჯეის პულტთან დგას, მათ ჰყავთ ვოკალისტი და მესაყვირე. კლუბში შეკრებილებს ძირითადად 70-იანი და 80-იანი წლების ჰიტების რემიქსებს სთავაზობენ.
„ბობოდიჯეიმ“ უკვე გამართა რამდენიმე საღამო იტალიაში. ჯგუფი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს გასტროლებს. ვიერის თქმით, მისი მთავარი მიზანი ადამიანებისთვის მხიარულების და ბედნიერების მინიჭებაა.
ვეტერანი ფეხბურთელი მუსიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კუნძულ იბიცაზე, კლუბ „უშუაიაში“ ანდრეა ოლივას საღამოს დაესწრო.