საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო კლუბ „ნიცის“ მთავარმა მწვრთნელმა პარტრიკ ვიეირამ მარიო ბალოტელი დაიცვა.
ვიეირასა და ბალოტელის ერთად უთამაშიათ მილანის „ინტერსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ და ფრანგმა მწვრთნელმა თავისი ყოფილი თანაგუნდელის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.
შეგახსენებთ, რომ უეფას „ერთა ლიგის“ მატჩში, რომელიც იტალიის ნაკრებმა პოლონეთის წინააღმდეგ გამართა (1-1), ბალოტელიმ ძალიან სუსტად ითამაშა და ჟურნალისტების მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მომდევნო თამაშზე, რომელიც „სკუადრა აძურამ“ პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა (1-0 პორტუგალიის სასარგებლოდ), ბალოტელი საერთოდ არ ათამაშეს.
„მარიო ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს იტალიაში და არც მიკვირს, სიმართლე თუ გნებავთ. როდესაც აგებ, ვიღაცას უნდა დააბრალო და ეს ვიღაცა ბალოტელი აღმოჩნდა. ვფიქრობ, მარიო განტევების ვაცად აქციეს და ეს ყველაფერი იტალიელი ჟურნალისტების ბრალია“, – განაცხადა ვიეირამ, – „მე მას ვესაუბრე და ვიცი, რომ ის ძლიერი პიროვნებაა. მარიო ამ არასასიამოვნო პერიოდს აუცილებლად გადალახავს. მას ძალიან უსამართლოდ მოექცნენ“.