ვიდეოკადრები ახალქალაქიდან, სადაც მკვლელობას რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა
ახალქალაქში მომხდარ მკვლელობას რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა.
სამართალდამცველები ქალაქში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. ადგილზე მოსახლეობა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ ქალაქში მობილიზებულია პოლიცია და ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შემადგენლობა.
„მკვლელობის შემდგომ ქალაქში დაძაბულობას ჰქონდა ადგილი. გარდაცვლილის სოფლელები ქალაქში შეეცადნენ სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონების დაზიანებას. დააზიანეს კიდეც, დაწვეს სასტუმრო და სახლი“, – აცხადებს გუბერნატორი.
მისივე თქმით, ვითარებას პოლიცია აკონტროლებს და ამ დროისთვის, სიმშვიდეა.
„ცალსახად, რაც ჩემთვის ცნობილია, არანაირ პოლიტიკას არ უკავშირდება ეს კრიმინალური შემთხვევა, არც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი არ არის“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.
ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალქალაქში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.