საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართა და მიზანს მიაღწია. რამაზ სვანაძის გუნდი ამ შეხვედრამდე პირველ ადგილზე იყო და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში გასასვლელად ქულაც ჰყოფნიდა. თუმცა, ეს ქულა იოლი მოსაპოვებელი ნამდვილად არ იყო – მეტოქე, ნიდერლანდები სერიოზული გუნდია და ეს თამაშმაც დაადასტურა.

 

ნიდერლანდელებს პლეი ოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებიდათ და პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტიეს. ისინი ჩვენს ნახევარზე იოლად გადადიოდნენ და ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ორივეჯერ კენეთ ტეილორმა დაარტყა და ჩვენი გუნდი ორივეჯერ ძელმა გადაარჩინა. ასეთი თამაშიდან გამოსავალი ზურიკო დავითაშილმა იპოვა, მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული დრიბლინგის შემდეგ სტუმართა მთელი დაცვა მოატყუა, კარის წინ ბურთის გასწორებაც მოასწრო და „დინამო არენაზე“ შეკრებილი 54 ათასი მაყურებელი უზომოდ გაახარა. თუმცა, ტაიმის ბოლო წამზე კენეთ ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა 1:1.

 

მეორე ტაიმში ნიდერლანდების ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა. ჩვენი გუნდი კი ისევ კონტრშეტევების იმედად იყო. ერთ-ერთი ასეთ იერიშის დაგვირგვინებას დავითაშვილი ცდილობდა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. საბოლოოდ, მძიმე და დაძაბული თამაში 1:1 დასრულდა და საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

საქართველო U21 – ნიდერლანდები U21 1:1

გოლები: 0:1 დავითაშვილი (42). 1:1 ტეილორი (45+6)

ნიდერლანდები: ვერბრუგენი, ბურგერი (74. დალინგა), ვან ევიკი (83. მანჰოფი), ვან ჰეკე, ვან დე ვენი, ჰარტმანი (83. მაატსენი), ტეილორი, გრავენბერხი, ეკელენკამპი (74. ტაუსენი), ბრობი (21. ზირკზე), სუმერვილი.

საქართველო U21: მამარდაშვილი, საზონოვი, კალანდაძე, გელაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლომინაძე (46. ლ. გაგნიძე), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (90+2. ო. მამაგეიშვილი), წიტაიშვილი (58. ხვადაგიანი), აზაროვი, გაგუა (79,  გულიაშვილი).

არბიტრი: რადე ობრენოვიჩი (სლოვენია)

A ჯგუფში პარალელურად მიმდინარე თამაში პორტუგალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა. რამაზ სვანაძის გუნდი 5 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში პირველ ივლისს „მიხეილ მესხზე“ (ან „დინამო არენაზე“) C ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.