ვიცე-ჩემპიონმა ქუთაისში გაიმარჯვა - ჩაბრაძემ ბათუმელებს მოაგებინა, ზიდანმა შანსით ვერ ისარგებლა [ვიდეო]
33-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მორიგი მატჩი ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ გაიმართა – „ტორპედომ“ ბათუიმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელებმა სეზონისთვის მზადება ბათუმელებზე ბევრად გვიან დაიწყეს და მეტოქის მსგავსად, უცხოეთში შეკრება ვერ ჩაატარეს, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველ ტაიმში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშის გახსნის შესაძლებლობები ჰქონდათ. მაგრამ ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი ნიქაბაძემ მომენტებით ვერ ისარგებლეს.
ქუთაისელებმა მეორე ტაიმში მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორეს და მწვავე კონტრშეტევების ხარჯზე, ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეები აანერვიულეს. ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ფადი ზიდანს ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად ვერ დაარტყა. რეალური შანსი 76-ე წუთზე ნიქაბაძეს კიდევ ერთხელ მიეცა, მაგრამ მეკარე დინო ჰამზიჩს ვერ აჯობა და ბოსნიელმა მეკარემ ქუთაისელები აშკარა გოლისგან იხსნა.
ბათუმელებმა ანგარიში მაინც გახსნეს: 78-ე წუთზე, შეტევაში ჩართულმა მცველმა გოგა ჩაბრაძემ გიორგი ფანცულაიასთან კომბინაცია გაითამაშა, მეკარეს შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა და როგორც გამოჩნდა, ბათუმის „დინამოს“ სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა 1:0.
ტორპედო – დინამო ბათუმი 0:1
27.02.2021 – ქუთაისი – „რამაზ შენგელია – არენა“
გოლები: 0:1 ჩაბრაძე (78. ფანცულაიას პასით)
ტორპედო: ჰამზიჩი, ტაბატაძე (79. ინკუმი), მირცხულავა, ქაფიანიძე (79. ჩაკვეტაძე), ნადარაია, მამასახლისი, რეკიში, ბუკასი (76. შარვაშიძე), ტუიჩიბაევი, სალაკუ, ზიდანი (75. გოგუაძე)
სათადარიგოები: შოვნაძე, ძარია, აბულაძე, გოგუაძე, შარვაშიძე, ბოჭორიშვილი, კვერნაძე
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
დინამო ბთ: ლ. კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე (64. აზაროვი), ტეიდი, მამუჩაშვილი (90+1. ზარია), ალთუნაშვილი – ჯიღაური, ნიქაბაძე (82. მანჯგალაძე), გროცურეკი (63. ფანცულაია)
სათადარიგოები: ალავიძე, მარგველაშვილი, თევდორაძე, ნავალოვსკი, გაგოშიძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მთავარი არბიტრი: ჯენერი ხორავა
გაფრთხილებები: ნადარაია (49), ჯიღაური (86)