საფეხბურთო სეზონი მოულოდნელი შედეგით განახლდა - ჩემპიონმა „დინამომ“ „სამგურალი“ ვერ დაამარცხა [ვიდეო]

საფეხბურთო სეზონი მოულოდნელი შედეგით განახლდა – ჩემპიონმა „დინამომ“ „სამგურალი“ ვერ დაამარცხა

ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშება დაიწყო. პირველი ტურის პირველ შეხვედრას „დინამო არენამ“ უმასპინძლა – მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ლიგაში 19-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

არსებული შეზღუდვების გამო შეხვედრას მაყურებელი ვერ ესწრებოდა. საქართველოს რიგით 33-ე ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო თამაშის პირველი რეალური მომენტი 30-ე წუთზე ფაბიან სპორკლედეს გადაცემის შემდეგ „დინამოს“ თავდამსხმელმა ზორან მარუჩიშმა შექმნა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. წყალტუბოელების საპასუხო შეტევა კი გოლით დასრულდა – გიორგი მჭედლიშვილის გადაცემის შემდეგ თბილისელთა კარი სერგო კუხიანიძემ აიღო და სეზონის პირველი გოლის ავტორი გახდა 1:0.

„დინამომ“ მთელი ძალებით შეუტია და 33-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ საიმონ ბენიოს დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ კუთხურზე მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. 42-ე წუთზე კარგი მომენტი გიორგი გაბედავას ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა და გუნდები შესვენებაზე მოულოდნელი შედეგით გავიდნენ.

მეორე ნახევარში „დინამომ“ მთელი ძალებით შეუტია და „სამგურალის“ მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ გუნდი ორჯერ გადაარჩინა. 55-ე წუთზე თბილისელებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობეს. 62-ე წუთზე ქვილითაია ანზორ მექვაბიშვილის დარტყმას გადაეღობა.

გიორგი ნემსაძემ „დინამოს“ შეტევების გასაძლიერებლად ზედიზედ სამი შეცვლა განახორციელა და ამან შედეგი გამოიღო. 71-ე წუთზე, ლუკა გაგნიძის გადაცემის შემდეგ „სამგურალის“ კარი გიორგი გაბედავამ აიღო და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

79-ე წუთზე ლუკა გაგნიძის გადაცემის შემდეგ სტუმართა კარის აღებას ისევ გაბედავა შეეცადა, მაგრამ მიზანს ააცილა. ბოლო წუთებზე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე ანერვიულდა და მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი აჩვენა, ხოლო სამ წუთში სათადარიგოთა სკამიდან გააძევა. 86-ე წუთზე კი წყალტუბოელთა პირველი გოლის ავტორმა კუხიანიძემ მშვენიერი რეიდი წამოიწყო, მაგრამ სუსტად დაარტყა და მეკარე როინ კვასხვაძეს ბურთის აღება არ გასჭირვებია. ასევე მოხდა 93-ე წუთზე, როდესაც წყალტუბოელებმა მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს.

საბოლოოდ, „დინამოს“ შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია – საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ლიგაში დაბრუნებული „სამგურალი“ ვერ დაამარცხა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშების I ტურის დანარჩენი ოთხი მატჩი სამ დღეზე განაწილდა და 1 მარტს დასრულდება.

 

დინამო თბილისი – სამგურალი 1:1

27.02.2021 – თბილისი – „დინამო არენა – არენა“ – უმაყურებლოდ.

 

გოლები: 0:1 კუხიანიძე (30. მჭედლშვილის გადაცემით), 1:1 გაბედავა (71. ლ. გაგნიძის პასით)

 

დინამო თბ: კვასხვაძე – ხვადაგიანი, ბენიო, პაპავა – სპორკსლედე, მექვაბიშვილი (79. მოისწრაფიშვილი), რადინი (66. კარლოს კასტრო), იაშვილი (66. ლ. გაგნიძე) – კუცია (57. ქარდავა) – გაბედავა, მარუშიჩი

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, მონხილი, წოწონავა, თ. ახვლედიანი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

 

სამგურალი: მ. ქვილითაია – მჭედლიშვილი, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, კალანდარიშვილი (75. კიკაბიძე) – დ. კირკიტაძე (ი. ახვლედიანი), ტურე (90+5. ბუხაიძე), ფონიავა, ლექვთაძე (68. ჩიხლაძე) – კუხიანიძე

სათადარიგოები: მეშველიანი, ბანძელაძე, გაზდელიანი, დოლიძე, თევზაძე

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

 

მთავარი არბიტრი: ბაკურ ნინუა

გაფრთხილებები: ქურდაძე (39), სპორკსლედე (84), გაგნიძე (87)

გაძევება: ნემსაძე (87. მეორე ყვითელი)