თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლაში ვეტერანმა სპორტსმენებმა აქცია გამართეს – ისინი ერთ-ერთი ყველაზე ძველი სპორტული ობიექტის გასხვისებას აპროტესტებდნენ.
დარბაზში წლების განმავლობაში ვარჯიშობდნენ ჭიდაობის, ფრენბურთისა და კალათბურთის ჯგუფები. სპორტის სასახლის აშენებამდე, სპორტსკოლაში მნიშვნელოვანი ტურნირები ტარდებოდა და ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაზრდილა. დარბაზი დამოუკიდებლობის წლებშიც დიდი დატვირთვით ფუნქციონირებდა.
სპორტსკოლა ათი წლის წინ „ცენტრ პოინტსზე“ გასხვისდა, რომელსაც პირობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ახლახანს დარბაზი შპს „სიტი ლოფტს“ სიმბოლურ ფასში, ერთ ლარად გადაეცა. ვეტერანმა სპორტსმენებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მიმართეს თბილისის მერიასა და შპს „სიტი ლოფტის“ მეპატრონე თემურ უგულავას. სპორტსმენების მოთხოვნაა, რომ უძველეს სპორტულ ობიექტს ისტორიული დანიშნულება შეუნარჩუნდეს.
გოჩა ჩორგოლანი, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის მდივანი: „ჩვენი თხოვნაა, რომ ეს საკითხი განიხილონ და დარბაზი შეუნარჩუნდეს 1400-მდე სპორტსმენს და ჭიდაობას, რადგან ამ დარბაზში ბევრი ცნობილი სპორტსმენი გაზრდილა, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონები“.
გურამ საღარაძე, მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში: „მე მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი, მაგრამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოპოვებული არ მქონდა. რაც პირველად ამ დარბაზში 1965 წელს შევძელი, ეს წარმატება ჩემთვის გახდა იმის დასაწყისი, რომ შემდგომში მრავალგზის კიდევ გავმხდარიყავი ჩემპიონი. ვინ ართმევს თბილისს ამ დარბაზს?“.
მურმან ქურიძე, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი კალათბურთში: „აქ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა და საერთაშორისო მატჩები გამართულა. ეს ისტორიული დარბაზია და იმედი მაქვს, მას საქართველოს შეუნარჩუნებენ. საერთოდ, მისი გასხვისების საკითხი არც უნდა დაისვას“.