მედიაცენტრ „მთავარში“ სანდრო საკანდელიძემ და ზურაბ დუგლაძემ პრესკონფერენცია გამართეს. ვეტერანმა მორაგბეებმა რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ქართულ რაგბიში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ რაგბის ქომაგთა კლუბი დააფუძნეს.
ვეტერანი მორაგბეების თქმით, ქართულმა რაგბიმ წინსვლა შეაჩერა, მიზეზად კი რაგბის კავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა დაასახელეს.
„რაგბიში უამრავი პრობლემა დაგროვდა, რომლის გამოტანაც მხოლოდ საარჩევნო პერიოდის წინ ხდება. მერე ქომაგებისთვის რთულია ამ პრობლემების ერთად „გადახარშვა“. ჩვენ შევქმენით რაგბის ქომაგთა კავშირი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, რომ რაგბის კავშირიდან ინფორმაცია მიიღოს და გაანალიზოს, რა ხდება. ქართული რაგბი დღეს ჩიხშია შესული. ჩვენ თუ უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე ერთი წლის წინ, ეს არ ნიშნავს, რომ ვვითარდებით. სხვები წინ მიდიან, ამის ფონზე კი ჩვენ უკან წავედით. დღეს, რაგბი სხვა რესურსით უნდა განვითარდეს, სახელმწიფომ და კერძო სტრუქტურებმა სახეობის განვითარებაში დიდი ფული ჩადეს, თუ არ ვცდები, 250 მილიონი მარტო ინფრასტრუქტურაში ფონდმა „ქართუმ“ დახარჯა – ანუ ფინანსური რესურსი გაჩნდა. მაგრამ განვითარების ტემპი საკმარისი არაა. გოჩა სვანიძე რაგბის განვითარების 9-პუნქტიანი გეგმით მოვიდა, მაგრამ სრულად არც ერთი არ შეასრულა. გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები და ხუთი მილიონი დავალიანება დაგროვდა, რის გამოც ფინანსური კრიზისი შეიქმნა და იძულებულები გახდნენ, ორგანიზაციის არსებული ტერიტორიების ნაწილი გაეყიდათ“ – ამბობს სანდრო საკანდელიძე.
ზურაბ დუგლაძე: „კითხვები გვიჩნდება რაგბის კავშირის საარჩევნო კანონთან დაკავშირებით. ეს სისტემა ისეა შედგენილი, რომ უზურპაციის საფრთხე იქმნება მისი მომზადების დროს ყველა თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს. საერთოდ, ეს კლანური სისტემა უნდა შეიცვალოს“.
ამ პრესკონფერენციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 30 იანვარს უნდა გამართულიყო, 24 თებერვლისთვის გადაიდო. ეს კავშირში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის თხოვნით და წესდების სრული დაცვით შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბების მიერ სამი კანდიდატია წარდგენილი: მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.