ტაიმაუტი | ლექსო გუგავა - სამხრეთ აფრიკიდან „შავი ლომი“ სამი გამარჯვებით დაბრუნდა #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლექსო გუგავა - სამხრეთ აფრიკიდან „შავი ლომი“ სამი გამარჯვებით დაბრუნდა #1TVSPORT

ტაიმაუტს რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორი სტუმრობდა. ლექსო გუგავამ ქარის თასზე „შავი ლომის“ ასპარეზობის შესახებ ისაუბრა:

„სამხრეთ აფრიკიდან „შავი ლომი“ სამი გამარჯვებით დაბრუნდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ტურნირი, სადაც ჩვენი ფრანჩიზით ჩავერთეთ. ქარის თასი გახლავთ რანგით მეორე დონის ტურნირი სამხრეთ აფრიკაში. ჩვენთვის  ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან იმ მოთამაშეებს, სანაკრებო ბირთვს, რომელიც საქართველოში თამაშობს ან მათ, ვინც ჩვენს ნაკრებში სამომავლოდ მოიაზრება, ჰქონდეთ ერთად ყოფნის საშუალება, ჰქონოდეთ ისეთ ტურნირზე თამაშის საშუალება, სადაც მაღალი ტემპია. ჩვენი გუნდი, ეს გაფართოებული შემადგენლობა მთელი წელი ერთად არის, მთელი წელი ემზადება, თამაშობს იმ ტემპთან და დონესთან მიახლოებულ მატჩებს, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ და მომავალში რანგით პირველ გუნდებს ვეთამაშოთ“.

კვირას, 18:00 საათზე, ავჭალის სარაგბო სტადიონზე „შავი ლომი“ ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლებს. ლექსო გუგავამ მოახლოებული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ ესპანური რაგბი აღმასვლას განიცდის:

„ესპანეთის ნაკრები ყოველ წელს უმატებს. თამაშობენ სულ უფრო უკეთეს რაგბს. წელს უკვე მსოფლიო ჩემპიონატზეც გავიდნენ. „იბერიანსში“ ძირითადი ბირთვი არის სანაკრებო. საკმაოდ კარგად ითამაშეს ეს ტურნირი და საკუთარ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ. არ იქნება მარტივი თამაში, მაგრამ ჩვენი გუნდი აშკარად ძლიერია“.

ბორჯღალოსნები წელს ორ მნიშვნელოვან ტესტ-მატჩს გამართავენ. საქართველოს ნაკრები პრინციპულ მეტოქეს, იტალიას საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება, შემდეგ კი სარაგბო სამყაროს ერთ-ერთ ლიდერს, უელსს ესტუმრება – რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორმა ამ მატჩებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა:

„იტალიასთან მატჩი პირადად ჩემთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც აქამდე საქართველოში გვითამაშია. იტალიასთან გულშემატკივარსაც, მთელ ქვეყანასაც განსაკუთრებული სწორება გვაქვს და ამ მატჩს გარკვეულ დაძაბულობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ახლავს.  დარწმუნებული ვარ, რომ თამაშზე სტადიონი გაივსება და ანშლაგი იქნება. უელსთან შეხვედრა კი აბსოლუტურად ყველა ნაკრებისთვის განსაკუთრებულია და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სადაც უნდა დავამტკიცოთ, თუ რა დონეზე შეგვიძლია რაგბის თამაში“.