ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერან რუსლან გოგოლაძის ვიდეომიმართვას ეხმაურება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერან რუსლან გოგოლაძის ვიდეომიმართვას ეხმაურება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერან ირაკლი (იგივე რუსლან) გოგოლაძის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბესიკ ქათამაძის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ში ატვირთულ ვიდეომიმართვას ეხმაურება.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვეტერან რუსლან გოგოლაძე ხელისუფლებას ვეტერანების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რუსლან გოგოლაძის ოჯახი შედგება ორი წევრისგან და ორივე მათგანი სარგებლობს პენსიითა და სოციალური პაკეტით 360 ლარის ოდენობით.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ვეტერან ირაკლი (იგივე რუსლან) გოგოლაძის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბესიკ ქათამაძის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ში ატვირთულ ვიდეომიმართვას, სადაც ის ამ ხელისუფლებას ვეტერან რუსლან გოგოლაძის და ზოგადად, ვეტერანების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.

პირველ ყოვლისა, გვინდა, მოგახსენოთ, რომ ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის, ვეტერანის წინაშე, ვინც საქართველოსთვის იბრძოდა და თავი არ დაუზოგავს ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ბატონი რუსლანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია. იგი მტრის ტყვიას იმ ომში კი გადაურჩა და საღ-სალამათი დაუბრუნდა ოჯახს, თუმცა, შემდგომ, საუბედუროდ, საკუთარი სახლის სახურავის შეკეთებისას გადმოვარდა, ხერხემალი დაიზიანა და ეტლს მიეჯაჭვა,რის გამოც I ჯგუფის შშმ პირად იქცა. 2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მომართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებაზე. უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, 7000 ლარი გამოუყო, რითაც, მან რეაბილიტაციის კურსი გაიარა. მისი პრობლემა და სატკივარი უწყებისთვის უცხო არა არის. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლები, შეძლებისდაგვარად, ყურადღებას აქცევდნენ (2017 წელს მას სამსახურმა მედიკამენტების დასაფინანსებლად გამოუყო თანხა) და შუამდგომლობას უწევდნენ სხვადასხვა მისთვის პრობლემატურ საკითხზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

რუსლანისთვის რეაბილიტაციის მეორე კურსის ჩასატარებლად რეგიონში სამსახურის წარმომადგენელმა მოგვმართა და მისი საკითხი განხილვის სტადიაშია. ინტენსიური მუშაობა მიდის შესაბამის უწყებებთან ერთად, რათა მოგვარდეს ეს პრობლემა (მან ამჯერად სარეაბილიტაციო კურსი, საზღვარგარეთ უნდა გაიაროს და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებაც შესაბამისი წესით უნდა მოხდეს.)

ჩვენ დავუკავშირდით სოციალურ სააგენტოსაც და როგორც მათი მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა_რუსლან გოგოლაძის ოჯახი შედგება 2 წევრისგან და ორივე მათგანი სარგებლობს სახელმწიფო გასაცემლით, პენსიითა და სოციალური პაკეტით 360 ლარის ოდენობით. ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გაცემულია 12500ლარი, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვისა და რეფერალური პროგრამის ფარგლებში. ასევე, ოჯახი ორჯერ დაკმაყოფილდა დამხმარე საშუალებების პროგრამით. ოჯახი სარგებლობს სოციალური სტატუსით. ძველი დეკლარაციის მიხედვით მაღალი ქულა დაუდგინდა. ამ ეტაპზე ამ ოჯახის განმეორებითი შესწავლა მიმდინარეობს ახალი მეთოდოლოგიით.

არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ვეტერანების ქვეყნის მიმართ დამსახურებას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, რასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ამ ხელისუფლების დახმარებით ვეტერანებისთვის აკეთებს, არაა საკმარისი, რაც ზოგჯერ უწყების ბენეფიციარების სამართლიან გულისწყრომას იწვევს, თუმცა, ყველაფერი შედარებითია და ქვეყანა, რომელსაც 75 000-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ვეტერანი ყავს, მაქსიმალურად ცდილობს, პირველ ყოვლისა, ღირსება აღუდგინოს თავის ვეტერანს, ის ღირსება, რომელიც სწორედ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გუნდის მმართველობის დროს ფეხქვეშ იყო გათელილი.
არ უარვყოფთ, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ დამსახურებული ადამიანების ღირსეული დაფასებისთვის, თუმცა, იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომელმაც 2011 წლის იანვარში სწორედ დისკრიმინაციულ პირობებში ჩაყენების გამო, გმირთა მემორიალთან შეკრებილ ვეტერანებს ხელკეტებითა და დამამცირებელი მოპყრობით უმოწყალოდ გაუსწორდა, ვეტერანების პრობლემებით, მათი „დისკრიმინაციულ პირობებში“ ჩაყენებით სპეკულირება, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია და რა თქმა უნდა, მიუღებელიც”, – აღნიშნულია განცხადებაში.