ვეტერან მორაგბეთა განცხადება საქართველოს რაგბის კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
ვეტერან მორაგბეთა განცხადება საქართველოს რაგბის კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ვეტერანმა მორაგბეებმა დღეს გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ისინი ქართულ რაგბიში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. საქართველოს პირველი არხი განცხადებას, რომელსაც ასზე მეტი ვეტერანი მორაგბე აწერს ხელს, უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ვეტერანი მორაგბეები დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს სარაგბო ოჯახში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების განვითარებას, რომელიც გაცდა რაგბის სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებს და ზოგადად ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს. სარაგბო თემისთვის ყოვლად მიუღებელი ფორმები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელმაც დაუმსახურებლად ჩირქი მოსცხო და ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ყველა თაობის მორაგბის მიერ ნალოლიავებ და თავგამოდებით შექმნილ ჯანსაღ გარემოს და წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ დამსახურებულ ავტორიტეტს. ჩვენ ყველანი ნათლად ვხედავთ, რომ ქართული რაგბის წინააღმდეგ მიმართული ეს ბინძური კამპანია, რომელიც, პირდაპირ უნდა ითქვას, პროვოცირებულია უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფის მიერ, რომელიც თავს უფლებას აძლევს ილაპარაკოს მთელი სარაგბო საზოგადოების სახელით, ყოველგვარ ზღვარს გადაცდა.

ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში გაჩუმება დაუშვებელია, რადგან დაპირისპირების შემდგომი გაღრმავება უკიდურესად დააზიანებს და ჩიხში შეიყვანს აღმავლობის გზაზე მყოფ ქართული რაგბის მომავალს და ჩვენი ერთგული გულშემატკივრის უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს. ჩვენ – ყველა თაობის მორაგბე – ზუსტად ვართ გათვითცნობიერებული და სრულ ინფორმაციას ვფლობთ იმის თაობაზე, თუ რა ხდება ჩვენს ოჯახში და ამიტომ ვთვლით, რომ დაპირისპირება ამ ფორმით უპირობოდ უნდა შეწყდეს და დაიწყოს მუშაობა მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და საერთო მიზნების გარშემო გასაერთიანებლად. რამოდენიმე დღის წინ, საქართველოს ყველა თაობის რაგბის ვეტერანების უდიდესი ნაწილი შეხვდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს – ბატონ სოსო ტყემალაძეს და მოისმინა მისი მოსაზრება შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსვლისა და ქართული რაგბის შემდგომი წინსვლის პერსპექტივების შესახებ, ასევე ვუყურეთ მის ვრცელ ტელე-ინტერვიუს და ყველაფერ ამაზე დაყრდნობით გვინდა განვაცხადოთ, შემდეგი: – ვეტერანები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სოსო ტყემალაძეს და მის მიერ წარდგენილ „რაგბის შემდგომი განვითარებისა და წინსვლის პროგრამას“, და რაც სარაგბო თემისთვის განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სრულად ვიზიარებთ მის ხედვას – დაპირისპირების დაძლევისა და სიტუაციის ნორმალურ კალაპოტში გადაყვანის გზების შესახებ; – არსებული ვითარებით უკმაყოფილო მხარეს კი მოვუწოდებთ, რომ თავი გაანებონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მთელი სარაგბო თემის სახელით აპელირებას. მათ მიერვე შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით კი, ვურჩევთ, შეეცადონ ცივი გონებით შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა, ხელი შეუწყონ დაპირისპირების შეწყვეტისა და ერთიანობის აღდგენის შესახებ შეთავაზებულ წინადადებებს და საქმიანი კამათისა და ანალიზის მეშვეობით ერთიანად ხელი შეუწყოთ ქართული რაგბის წინსვლას და ერთიანობას. ამას მოითხოვს სარაგბო თემის უდიდესი ნაწილი, რაგბის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და ჩვენი განვითარების გულწრფელი მხარდამჭერი – საერთაშორისო სარაგბო თანამეგობრობა.

26 თებერვალი, 2021 წ. ვეტერან მორაგბეთა არასრული სია

1. გელა მიქაბერიძე 2. ზაზა ღვინიაშვილი 3. ილო იოვაძე 4. ზურაბ ხარშილაძე 5. გოგი ჯალაღონია 6. ბათუ კევლიშვილი 7. დათო ჯალაღონია 8. შურა თაყაიშვილი 9. მალხაზ კოროშინაძე 10. გოგი ჭიჭინაძე 11. გოგი ლებანიძე 12. გიორგი კეშელავა 13. კაკი რამიშვილი 14. ნუგზარ კობერიძე 15. ავთანდილ გუგავა 16. ნუგზარ ქარქაშაძე 17. თემურ გამცემლიძე 18. ნონო ანდღულაძე 19. ლექსო გუგავა 20. ირაკლი დოლიძე 21. ალექსანდრე ცისკარიშვილი 22. ნუკრი კოტრიკაძე 23. კოკა ლაზიშვილი 24. ლევან ვასაძე 25. გუგა გეგენავა 26. სერგო რამიშვილი 27. გაიოზ მონიავა 28. თამაზ ანდღულაძე 29. მერაბ ნიჟარაძე 30. გურამ კუციავა 31. ბეგი გვალია 32. ზურა ქელბაქიანი 33. ალე მამულაშვილი 34. ზურა ელიზაშვილი 35. გია ნიჟარაძე 36. ტარიელ მაჭავარიანი 37. ნოდარ ლიპარტელიანი 38. მერაბ არჩვაძე 39. ლაშა თავართქილაძე 40. კაკი დავითულიანი 41. თამაზ მაზმიაშვილი 42. თემურ კახოიძე 43. დავით გურული 44. გიორგი რამიშვილი 45. ივანე ფურცელაძე 46. ირაკლი გოგოხიძე 47. ზურაბ ალადაშვილი 48. ბექა კობეშავიძე 49. დავით კობეშავიძე 50. გიორგი კორკოტაშვილი 51. ლევან ღვაბერიძე 52. ზურაბ ზოიძე 53. ერეკლე ტრიპოლსკი 54. გიორგი კობახიძე 55. დავით გიორგაძე 56. დათო თევზაძე 57. ვახტანგ კაპანაძე 58. თემურ ჯაფარიძე 59. თემურ ნარიმანიძე 60. გივი ჭიჭინაძე 61. გია ჩლაიძე 62. ლაშა ჩიქვინიძე 63. გია ცაგარეიშვილი 64. თემურ გაფრინდაშვილი 65. გიორგი ლომინაძე 66. ვალტერ კაპანაძე 67. ცეზარ დარჩია 68. თენგიზ ცისკარიშვილი 69. მერაბ ფერაძე 70. მიხეილ კალანდაძე 71. ბიძინა ბერიშვილი 72. ჯონი ბენდელიანი 73. ზურაბ შარაშენიძე 74. ბაჩი გოგუაძე 75. ალექსანდრე ნაჭყებია 76. ბართლომე ხამაშურიძე 77. თენგიზ ტურძელაძე 78. ალექსანდრე გრიგალავა 79. ტარიელ მარგველაშვილი 80. ტუხა ხახალეიშვილი 81. პაატა ტყაბლაძე 82. რობერტ ობოლაძე 83. დიმიტრი ფულარია 84. გია რევიშვილი 85. ბუთხუზი გაბუნია 86. კახა გაბრიჩიძე 87. გიზო ცქიტიშვილი 88. რამაზ სვანიძე 89. ალექსანდრე მიქაბაძე 90. ბორის ზივზივაძე 91. ავთანდილ ჩოგოვაძე 92. გოჩა ხონელიძე 93. ზურიკო შავგულიძე 94. მამუკა ჯანაშია 95. ოთარ ალავიძე 96. დავით რეხვიაშვილი 97. გიორგი ნემსაძე 98. ნუკრი წერეთელი 99. დავით ნემსაძე 100. ლევან შარვაშიძე 101. ბესიკ ხამაშურიძე 102. ავთანდილ კოპალიანი 103. გაგა გურეშიძე 104. გოჩა ხონელიძე 105. თამაზ მგელაძე 106. გია ჯაფარიძე, 107. ნიაზ მამრიკიშვილი, 108. მერაბ ანთაძე 109. ბექა ყურაშვილი 110. ზურაბ ზვიადაძე 111. შოკა (შოთა) მოდებაძე.

დატოვე კომენტარი