„ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ხელფასის განახევრებით ემუქრება
„ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ხელფასის განახევრებით ემუქრება

„ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელების მოტივაციის ასამაღლებლად მკაცრ მეთოდს მიმართა და მათ ინგლისის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემთხვევაში, ანაზღაურების 50 პროცენტით შემცირებით დაემუქრა, – იუწყება Daily Mail.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბი დიდ ფინანსურ ზარალს ნახავს, თუ „ვესტ ჰემი“ პრემიერლიგიდან გამოვარდება. ხელფასის შემცირება კი რიგით მეორე დივიზონში გადაბარგების შემთხვევაში გარდაუვალი იქნება.

ვარაუდობენ, რომ თუ „ვესტ ჰემი“ პრემიერლიგას დატოვებს და მოთამაშეებს ხელფასს გაუნახევრებს კლუბი კრიზისში აღმოჩნდება, რადგან გუნდს ფეხბურთელების დიდი ნაწილი დატოვებს და კვლავ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება, შორეულ, რთულ პერსპექტივად გადაიქცევა.

ინგლისის ჩემპიონატის 25 ტურის შემდეგ „ვესტ ჰემი“ სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციებზეა და ლიგიდან გავარდნის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

„ვესტ ჰემი“ 24 ქულით იგლისის ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა. უახლოეს ორ ტურში „ვესტ ჰემს“ უმძიმესი მატჩები ელოდება, რადგან დევიდ მოიესის შეგირდებს პრემიერლიგის საუკეთესო გუნდებთან, „ლივერპულთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ მოუწევთ დაპირისპირება.