ვეს მიტჩელი - რაც უფრო ძლიერია საქართველო, მით უფრო ძლიერია დასავლეთი
ვეს მიტჩელი - რაც უფრო ძლიერია საქართველო, მით უფრო ძლიერია დასავლეთი

რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა ნებისმიერ აგრესიას და სამხედრო მოქმედებას სწორ შეფასებას მივცემთ,- ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიტჩელის თქმით, საქართველოს ცივილიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვარი უჭირავს.

„აუცილებლად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ნებისმიერ სივრცეში და პოლიტიკაში რუსეთის უკანონო ჩარევა გამოვავლინოთ და ამას დავუპირისპირდებით როგორც საქართველო უპირისპირდება. საქართველოს ძალა ამ საფრთხის წინაშე ნამდვილად აღსანიშნავი და ჩვენთვის შთაგონების წყარო და მაგალითია. თქვენ ცივილიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვარი გიჭირავთ. მე მინდა თქვენი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიტყვები მოვიშველიო „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ეს სიტყვები ყველასთვის შთაგონებაა“,- განაცხადა ვეს მიტჩელმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს, მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლოს დამოუკიდებლობა გააძლიერონ.

„თქვენ ინსტიტუციური რეფორმების გზაზე წინ აქტიურად მიიწევთ. ეს ძალიან ძლიერი და რთული გზაა. ეს დემოკრატიას, ინვესტიციას და ყველა ქართველის გულში რწმენას აძლიერებს.

საქართველომ ამ რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის სახელი დაიმკვიდრა. ჩვენ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოვუწოდებთ მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლოს დამოუკიდებლობა გააძლიერონ. აუცილებლად უნდა იყოს არა მარტო რეფორმების განხორციელება, არამედ რეალურად პრაქტიკაში ასახვა“,- აღნიშნა მიტჩელმა.

მისივე თქმით, მოსაწონია საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯები.

ამასთან, ვეს მიტჩელის განცხადებით, აშშ მხარს უჭერთ საქართველოს ვალდებულებას, რომ ძლიერი სამხედრო ბაზა და სისტემა ჩამოაყალიბოს.

„ნამდვილად, საქართველოს მთავრობას და მის პრემიერ-მინისტრს ვუწონებთ და მოვუწონებთ ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. საქართველოს მთავრობა თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის მუშაობს და ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ვალდებულებას, რომ ძლიერი სამხედრო ბაზა და სისტემა ჩამოაყალიბოს. ეს არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის.

ამერიკელ სამხედრო ოფიცრებს ვესაუბრე და ისინი საქართველოს, როგორც პარტნიორს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ. საერთო მოსახლეობის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს სამხედრო მონაწილეობის თვალსაზრისით. ქვეყანას, თითოეულ ჯარისკაცს და ჯარისკაცების ოჯახებს, რომლების სისხლიც დაიღვარა, დიდ მადლობას ვუხდით. მზად ვართ ამ რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად კიდევ მეტი ვიმუშაოთ. რაც უფრო ძლიერი ხართ თქვენ, დასავლეთი მით უფრო ძლიერია.

ამერიკა საქართველოს მხარს უჭერს უკვე მეოთხედი საუკუნეა, ერთად ვდგავართ და პარტნიორები ვართ. რუსეთის აგრესიის მეათე წელს დამოუკიდებლობას გილოცავთ და ამერიკასა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას და სიკეთეს ვუსურვებ”,- განაცხადა ვეს მიტჩელმა.